აშშ-მ ბალტიის ქვეყნებს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღის მიწოდების ნებართვა მისცა. ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ ამერიკას მიმართეს, რათა უკრაინისთვის ტანკსაწინააღმდეგო და სხვა ტიპის შეიარაღების მიწოდების ნებართვა მიეღოთ. ამის შესახებ Reuters-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, საექსპორტო კონტროლის წესების თანახმად, ბალტიის ქვეყნებს იარაღის გადაცემის ნებართვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიეღოთ.
ცნობილია, რომ ესტონეთი უკრაინას „ჯაველინის“ ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს, ლიეტუვა კი „სტინგერის“ ტიპის რაკეტებს გადასცემს.
შეგახსენებთ, მიმდინარე კვირაში კიევში ვიზიტით იმყოფებოდნენ ამერიკელი სენატორები, რომლებიც უკრაინას სოლიდარობასა და იარაღის მიწოდებას დაჰპირდნენ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი გააფრთხილეს, რომ უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიას შედეგები მოჰყვება. სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიწოდებულ იარაღს შორის შესაძლოა, იყოს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა “ჯაველინი”, „სტინგერის“ სარაკეტო სისტემები და სხვა სახის შეიარაღება