ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბათუმში, სავარაუდოდ, თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს. სპეცოპერაცია რამდენიმე საათის წინ, სასტუმრო “მეტროს” შენობაში მიმდინარეობდა, რომლის მფლობელიც ოზთურქია.
ადგილზე ფინანსური პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
ოზთურქი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, ხშირად ჩნდებოდა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ასევე ყოფილ პრემიერებთან გიორგი გახარიასთან, გიორგი კვირიკაშვილთან და სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად.
2018 წელს, თურქული მედიის ცნობით, ოზთურქს თურქეთის სასამართლომ მკვლელობის წაქეზებისთვის პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოში ოზთურქი სწორედ პატიმრობის თავიდან ასაცილებლად გამოიქცა.
თურქი ბიზნესმენის კომპანიები ძირითადად ტურიზმის, ტრანსპორტისა და მშენებლობის ინდუსტრიებში საქმიანობს. მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი აქტივია ბათუმში მდებარე სასტუმრო “ეიფორია”.
2020 წლის მონაცემებით, გალიფ ოზთურქმა საქართველოში $500 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.