- ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მომავალი ხელმძღვანელი საქართველოს პრობლემებს კარგად იცნობს.
- უილიამ ბარნსი აშშ-ის ელჩი იყო რუსეთში 2005-2008 წლებში.
„ ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში სირთულეები ბევრია. ჩვენ არსებითად ვერ ვთანხმდებით საქართველოში არსებულ სიტუაციასთან და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსთან დაკავშირებით.“ – უილიამ ბარნსი.
„ ბარნსი არის სამაგალითო დიპლომატი, რომელსაც ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით ათწლეულების გამოცდილება აქვს მსოფლიო ასპარეზზე. ის იზიარებს ჩემს შეხედულებას, რომ დაზვერვა უნდა იყოს აპოლიტიკური და რომ დაზვერვაში სამსახურის პროფესიონალები მადლიერებასა და პატივისცემას იმსახურებენ. ამერიკელი ხალხი მშვიდად იქნება იმ შემთხვევაში, თუ ბარნსი ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი იქნება“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბარნსი ხუთი, როგორც „დემოკრატი“ ასევე „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და 10 სახელმწიფო მდივნის დროს, სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ის აშშ-ის დიპლომატიურ სამსახურში 33 წლის განმავლობაში მსახურობდა, მათ შორის, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს, რუსეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობაც ეკავა.
სწორედ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ზეწოლას და აგრესიას უკავშირდება მისი ნათქვამი:“ოცდამეერთე საუკუნეში მეცხრამეტე საუკუნის აზროვნება მიუღებელია”
უილიამ ბარნსი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის მოადგილე იყო, პოლიტიკურ საკითხებში. 2010 წელს მან თქვა:
„2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის გამო, ამერიკასა და რუსეთს შორის ურთიერთობა ისე გაუარესდა, როგორც არასდროს ბოლო ოცი წლის განმავლობაში. საქმის ასეთი განვითარება არა მარტო ორივე მხარის, არამედ მთელი დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ამერიკა დარწმუნებული იყო, რომ რუსეთმა დაუფიქრებლად გადაწყვიტა, რომ ამერიკელთა მოქმედებები მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. თანაც კრემლის ხელში ძალაუფლების კონსოლიდაციის გასამართლებლად, რუსეთი ჩაგრავდა უახლოეს მეზობლებს და კრემლის პროპაგანდის მანქანა მათ მტრის იმიჯს უქმნიდა.“