უამრავი სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ორგანო თუ ფუნქცია არის საფრთხის ქვეშ, რომ დღეს ჩვენ ვართ სწორედ ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეჟიმში. თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც, თუნდაც გასული საპარლამენტო არჩევნების მსგავსი მოვლენები მოხდება, აქედან უკვე რეანიმაციაც აღარ გვიშველის – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრისას განაცხადა.
„უამრავი ისეთი სასიცოცხლო სახელმწიფოებრივი ორგანო თუ ფუნქცია არის საფრთხის ქვეშ, რომ ჩვენ ვართ სწორედ ინტენსიური მკურნალობისა და მეთვალყურეობის რეჟიმში. გარე სამყაროდან ბევრი გვეხმარება, მაგრამ ჩვენ თავად უნდა შევძლოთ აქედან გამოსვლა. ეს არის ძალიან რთული ვითარება, ისევე როგორც რეანიმაციაში შესული პაციენტი ვიცით, რომ არის რთულ მდგომარეობაში და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჯანმრთელი გამოვიდეს იქიდან, დღეს ჩვენი სახელმწიფო და საქართველო ასეთ ვითარებაშია. გარანტირებულია ეს ? არ არის გარანტირებული, იმიტომ, რომ ამ დონის პრობლემები ადგილობრივ არჩევნებს აქცევს ან ძალიან სერიოზული გარღვევის დასაწყისად, რომლიდანაც ჩვენ შეიძლება დიდი ენერგიები მივიღოთ და ძალიან სწრაფი ტემპით დავიწყოთ წინსვლა, პირველ რიგში, ეკონომიკის გაჯანსაღებით და სიღარიბის დაძლევით, ასევე საერთაშორისო იტეგრაციით, მაგრამ თუ ამ არჩევნებშიც, თუნდაც გასული საპარლამენტო არჩევნების მსგავსი მოვლენები მოხდა, აქედან უკვე რეანიმაციაც აღარ გიშველის.
ამ წუთის მდგომარეობით, საქმე არაუშავს რა მიდის. ეს არ არის უკვე ყველაფერი გასწორებული და სწორ გზაზე დამდგარი, არაუშავს რა მიდის საქმე, იმიტომ, რომ სახელისუფლებო სისტემაშიც, მე ვატყობ იმის გააზრებას, რომ ერთპარტიული მმართველობა დასრულდა, დასრულდა ეს ეპოქა. დღევანდელ ვითარებაში, მგონია, რომ „ოცნების“ შიგნით საკმაოდ ბევრია ახლადმისული ხალხიც და ბევრი ძველი სახეც, რომლებმაც უბრალოდ გაიაზრეს, რომ ერთპარიტული მმართველობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა ნიშნავს შესაძლოა ყველაფრის წაგებას. ამიტომ, მგონია, რომ ამ ტიპის პრაგმატული დამოკიდებულება ხვალინდელი პოლიტიკური დღისადმი, იქნება საწინდარი უკეთესი გარემოსი“, – განაცხადა უსუფაშვილმა.