რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვა დღეიდან უქმდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო.
ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შეზღუდვები დღეიდან ეტაპობრივად შემსუბუქდება
- ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება
- მუნიციპალური ტრანსპორტის,
- სკოლების,
- მაღაზიებისა და სავაჭრო ცენტრების მუშაობა;
- თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში
- პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები;
- სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლება დაგეგმილია პირველი მარტისთვის, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე;
- ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან.
- იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, აჭარაში პირველი თებერვლიდან დაშვებული იქნება კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება. კვლავ ძალაში რჩება ქორწილების, სხვადასხვა სოციალური ღონისძიებისა თუ წვეულების გამართვასთან დაკავშირებით მოქმედი აკრძალვა.
- სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას არსებულ რეჟიმში – გატანა-მიტანის სერვისით.
- საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში სტუდენტების აუდიტორიებში დაბრუნება დაგეგმილია პირველი მარტიდან.
- პირველ მარტამდე ქვეყნის მასშტაბით ძალაში რჩება გადაადგილებაზე არსებული შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე.
- გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში, შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ხოლო რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ მხოლოდ გადატანა-მიტანის სერვისით; აგრარული ბაზრები, სურსათის და ცხოველების საკვების მაღაზიები, აფთიაქები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში, შესაბამისი წესების დაცვით.
- ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის სათხილამურო კურორტებზე.
- ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობაც.
- აუცილებელია პირბადის, მომხმარებელთა ნაკადების, რიგებისა და დისტანციის მართვა, რაც მკაცრად გაკონტროლდება.
- შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, ბიზნესს ექნება ვალდებულება, იზრუნოს პერსონალის ტესტირებაზე.
- ბიზნესთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, თითოეული ეკონომიკური საქმიანობისთვის, ეპიდემიოლოგიური რისკ-ფაქტორებიდან გამომდინარე, დადგინდა სავალდებულო ტესტირების პროტოკოლები – პერსონალის მინიმალური რაოდენობა და ტესტირების სიხშირე.
- ყველა ტიპის სავაჭრო ობიექტი, 30-ზე მეტი თანამშრომლით, მათ შორის ბაზრობები, ვალდებული იქნებიან, უზრუნველყონ ორ კვირაში ერთხელ თანამშრომელთა არანაკლებ 20%-ის ტესტირება.
- კვების ობიექტებისთვის სავალდებულო იქნება ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 50%-ის ტესტირება.
- ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება მასწავლებელთა სისტემური ტესტირება.