გამოცდების მონაწილეთა სატრანსპორტო უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია დამატებითი (M3) ავტობუსების მარშრუტებით მოემსახურება საგამოცდო ცენტრებს დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე, რათა საგამოცდო ცენტრების პერსონალმა, მასწავლებლებმა და აბიტურიენტებმა შეუფერხებლად შეძლონ დასწრება გამოცდების ყველა სესიაზე. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
კერძოდ, ავტობუსები 1-ლი ივლისიდან იმოძრავებს – მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ 117-ე სკოლის მიმართულებით, ხოლო მეტროსადგურ „სანდრო ახმეტელის თეატრიდან“ 175ა, 175ბ, 39-ე, 173-ე, 177-ე, 191-ე საჯარო სკოლებისკენ. ასევე, მეტრო „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან 103-ე საჯარო სკოლის მიმართულებით.
დედაქალაქის სხვადასხვა საჯარო სკოლაში (32-ე, 39-ე, 117-ე, 133-ე, 173-ე, 175 ა, 175 ბ, 177-ე, 191-ე, 207-ე) მოქმედ თბილისის საგამოცდო ცენტრებში პირველი ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ხოლო 103-ე საჯარო სკოლაში პირველი ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით, ჩატარდება ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო გამოცდები და უფროსი სპეციალური მასწავლებლების გამოცდები.