სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ევროკომისია განცხადებას ავრცელებს.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით ინფორმაციას კორონავირუსის ახალი უაღრესად მუტირებული ვარიანტის შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ მუტაციებმა შეიძლება გამოიწვიოს ვირუსის კიდევ უფრო შემაშფოთებელი ვარიანტების გაჩენა და გავრცელება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველამ ევროპაში ძალიან სწრაფად ვიმოქმედოთ. ევროკომისიამ დღეს შესთავაზა წევრ ქვეყნებს, გააქტიურონ მიმოსვლის შეჩერება სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებიდან, რათა ახალი ვარიანტის გავრცელება შეზღუდონ“, – ნათქვამია განცხადებაში.
ევროკომისიაში აღნიშნავენ, რომ სამხრეთ აფრიკის რეგიონიდან დაბრუნებულმა მოგზაურებმა მკაცრი საკარანტინო წესები უნდა დაიცვან.
ევროპაში, სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების პირველი შემთხვევა ბელგიაში დაფიქსირდა.