დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, რეკომენდაციას გასცემს სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებაზე.

“მე ვაკეთებ ამის რეკომენდაციას და მიმაჩნია, რომ ჩვენ ექიმები და სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ ამის მაგალითი. მე ყოველ დილით ჩვენს დაწესებულებაში ვკითხულობ, ჩვენთან 82% არის აცრილი და როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. იგივე ჩვენთანაც, დაავადებათა კონტროლის ცენტრში არ ვართ 100% აცრილი და ყოველ დილას მჭირდება ახსნა განმარტება ჩემს კოლეგებთან”. – თქვა გამყრელიძემ

გამყრელიძის თქმით, სამედიცინო პერსონალისთვის ზოგიერთი აცრის გაკეთება უკვე სავალდებულოა და ეს  ამ სფეროში მიღებული პრაქტიკაა.

“ჩვენ ექიმებს სავალდებულოება გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში. კანონითაა დადგენილი. ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყონ სამედიცინო პერსონალი აცრილი აცრილი”. – თქვა გამყრელიძემ

გამყრელიძის თქმით, კორონავირუსთან საბრძოლველად დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი შემოაქვთ სავალდებულო ვაქცინაცია სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანებისთვის.

“სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ყოველთვის. ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს. მაგალითად, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა გამოსცა ბრძანება და ჯარისთვის აუცილებელი გახადა ვაქცინაცია, იტალიამაც გამოსცა ბრძანება და სამედიცინო პერსონალისთვის აუცილებელი გახადა აცრა”. – ამბობს გამყრელიძე

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 81 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 40 435 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 3 212 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი.  

ბოლო 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი 9.13%-ია, ბოლო 14 დღის – 9.85%.

14 აგვისტოდან საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა. ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. NCDC-ის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, “ალბათ, საჭირო გახდება შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება”.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ: