“მიშამ მისი ჩამოსვლით მთლიანად ოპოზიცია დააზიანა და საერთო ჯამში ოპოზიციამ 5-7% ხმების დაკარგა” – ამის შესახებ ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია ხუხაშვილმა განაცხადა.
ხუხაშვილის თქმით, ხალხს ხელისუფლება არ მოსწონს, მაგრამ არც ოპოზიციის ნდობა აქვთ.
მისი თქმით, სააკაშვილის ჩამოსვლამ დაანგრია პოლიტიკური პროცესები და „ხელისუფლების მოედანზე“ ითამაშა.
„პოლიტიკა მარტო ყვირილი არ არის, პოლიტიკა შედეგზეა ორიენტირებული. კვლევებიდან ჩანს, რომ ხალხს არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ ოპოზიციაზე ფიქრობენ, ესენი საერთოდ ვინ არიანო. პრეტენზიები ხელისუფლებასთან ყოველთვის მექნება იმიტომ, რომ ქვეყნის ბედი მათზეა დამოკიდებული. ოპოზიცია საზოგადოებას ვერ უმტკიცებს, რომ მათ პრობლემებს უკეთესად გადაწყვეტენ.
მიშამ მისი ჩამოსვლით მთლიანად ოპოზიცია დააზიანა და საერთო ჯამში ოპოზიციამ 5-7% ხმების დაკარგა. მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა ეს იყო ოლიგარქების სპეცოპერაცია, უკრაინის ბიზნესს ელიტისთვის სააკაშვილი იყო პრობლემა, საქართველოს ხელისუფლებას კი მისი გამოყენება ერთჯერადად საარჩევნოდ სჭირდებოდა. შეუქმნეს ილუზია სააკაშვილს რომ ხელისუფლება წკიპზე იყო და მისი ჩამოსვლით შეიცვლებოდა.
მიხეილ სააკაშვილი არ არის იმ ტიპის პოლიტიკოსი, რომელსაც შეუძლია მეორე როლზე დიდხანს დარჩეს. სააკაშვილს ეგონა რომ აგორებდა ქვეყნის შიგნით და გარეთ გარკვეულ ტალღას, მოიპოვებდა საერთაშორისო მხარდაჭერას, რაც ბოლო პერიოდში დაკარგული ჰქონდა და როდესაც არჩევნების შედეგები იქნებოდა ზღვარზე აქედან რაღაც გამოდნებოდა აქ მან დაუშვა შეცდომა, რითაც ხელისუფლებამ ისარგებლა. მიშას ჩამოსვლამ დაანგრია პოლიტიკური პროცესი, ყველა თემა მოსპო. მიხეილ სააკაშვილმა „ხელისუფლების მოედანზე“ ითამაშა. ხელისუფლებას ყველა კოზირი უჭირავს მიშას თემით გადაიფარა ყველა ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი თემა რის გარშემოც, შეიძლებოდა, საერთო სახალხო კონსოლიდაციის მოხდენა“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.