ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ არ აქვს მგონი გააზრებული, საით მიჰყავს ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით და ეს ეხება ორივეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, – ასე შეაფასა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ევროპარლამენტარების განცხადება.
„ევროპარლამენტარების გზავნილები ყურადსაღები იყო ყოველთვის. ჩვენ, მაგალითად, ფაქტობრივად პირველად როდესაც გავიგეთ, რომ ამერიკის ელჩი, ევროკავშირის ელჩი მოგვიწოდებდა, რომ დავფიქრებულიყავით და ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო, მას შემდეგ სხვანაირად შევხედეთ ბევრ საკითხს. ვფიქრობ, რომ ბევრი დრო გავიდა ამის შემდეგ და ბევრმა ადამიანმა გვითხრა ყველას, რომ ასეთი გზებით სიარული არ შეიძლება. უბრალოდ ცოტათი უხერხულობასაც კი ვგრძნობ, რადგან ჩვენი პოზიციები თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა ჩვენი მეგობრების პოზიციებს. უბრალოდ, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ჯერ კიდევ არ აქვს მგონი გააზრებული, საით მიჰყავს ქვეყანა საკუთარი გადაწყვეტილებით და ეს ეხება ორივეს, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ. მისივე თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებები ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას შეუძლებელს გახდის.
„ეს, ჩემი აზრით, შეუძლებელს გახდის ჩვენს იქ გაწევრიანებას. დარწმუნებული ვარ, ახლა სერიოზულად არ გვიყურებენ და ეს პროცესი თუ გაგრძელდა 2024 წლამდე, საერთოდ არავინ აღარ შემოგვხედავს არც სერიოზულად და არც არასერიოზულად. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გზავნილები აღსაქმელია იმაზე ბევრად უფრო მეტი სერიოზულობით, ვიდრე აქამდე აღგვიქვამს. თუ რასაკვირველია, ჩვენ გვაღელვებს ამ ქვეყნის დასავლური მომავალი. არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრის დიდ ნაწილს აღელვებს. ასევე დავეთანხმები ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციებს, რომ პარტიული ინტერესები მთელ ამ მოლაპარაკებებში უფრო წინ იდგა,ვიდრე რეალურად ქვეყნის ინტერესები, სამწუხაროდ“,- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებები „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ ონლაინკონფერენციაზე გააკეთეს.