21.11.2024

ირაკლი აბუსერიძე -ეს ტყუილიც აღარ არის, მამაძაღლობაა. საჯარო რეესტრი-არ მიუღიათ ხმების საკმარისი რაოდენობა

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება გააკრიტიკა.

Crystalsport.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ

საჯარო რეესტრმა უარი მითხრა რაგბის კავშირის პრეზიდენტობაზე. არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს წესდებით მოთხოვნილი ხმების რაოდენობა არ მიგიღიათო. ეს ტყუილიც აღარ არის. მამაძაღლობაა! არ მეგონა აქამდე თუ მოვიდოდით! დღითიდღე უფრო და უფრო სირხცვილია! დღითიდღე უფრო და უფრო მრცხვენია! მარტო სიმართლეა ჩვენს მხარეს! სამართალი, როგორც ვხედავთ ჯიბეში აქვთ. უკანონობის დაკანონებაზე ერთი პასუხი გვაქვს: ძალა ჯერ კიდევ ხნავს აღმართს და აბა კარგად შემოგვხედეთ“ – წერს აბუსერიძე ფეისბუქის გვერდზე.

საჯარო რეესტრში კიდევ ერთხელ განიხილეს ირაკლი აბუსერიძის მიმართვა, რომელიც რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციას ითხოვს, რაზეც კვლავ უარი უთხრეს. ამ თემაზე საჯარო რეესტრმა განცხადება გაავრცელა.

„2021 წლის 6 იანვარს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა ირაკლი აბუსერიძემ და მოითხოვა თავისი რეგისტრაცია საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად და გამგეობის ახალ წევრად, ასევე, გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაცია.

რაგბის კავშირის პრეზიდენტის, ასევე, გამგეობის წევრების არჩევის წესს განსაზღვრავს კავშირის წესდება, რომლის თანახმად, პრეზიდენტი აირჩევა კრებაზე, რომლის კვორუმია წევრთა ხმების 2/3 მაინც. ირაკლი აბუსერიძის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით კი დგინდება, რომ კრებაზე, სადაც იგი კავშირის პრეზიდენტად უნდა აერჩიათ, საკმარისი კვორუმი არ იყო.

აღნიშნულ ფაქტს პრეზიდენტობის კანდიდატი იმ მიზეზით ხსნიდა, რომ დეკემბერში გამართული კრება 2020 წლის თებერვალში კვორუმის არარსებობის გამო ჩაშლილი კრების განმეორებით კრებას წარმოადგენდა, თუმცა, კავშირის წესდება განმეორებით კრებას მხოლოდ მაშინ ცნობს, თუ იგი პირველი კრების გამართვიდან არაუგვიანეს 30 დღეში ჩატარდება.

სინამდვილეში კი, კრება, რომელზეც აბუსერიძის პრეზიდენტად არჩევა განიხილებოდა, არა 30 დღის განმავლობაში, არამედ 30 დეკემბერს – 10 თვის შემდეგ ჩატარდა. ამასთან, წესდებითაა განსაზღვრული, რომ განმეორებით კრებაზე მხოლოდ იმ საკითხების განხილვაა დასაშვები, რომლებიც პირველი მორიგი კრების დღის წესრიგით იყო გათვალისწინებული, ასევე, ამ ჩანაწერის უგულებელყოფით, წესდების საწინააღმდეგოდ, 30 დეკემბრის კრებაზე, რომელიც თითქოსდა განმეორებითი კრება უნდა ყოფილიყო, განიხილეს (კენჭი უყარეს) რაგბის კავშირის გამგეობის ახალი წევრების არჩევა.

საჯარო რეესტრმა მისთვის კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ფარგლებში, საქართველოს რაგბის კავშირის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ირაკლი აბუსერიძეს უარი ეთქვა რაგბის კავშირის პრეზიდენტად რეგისტრაციაზე. ასევე, უარი ეთქვა გამგეობის ახალი წევრების რეგისტრაციაზე. ორივე შემთხვევაში კი, მიზეზი მხოლოდ ისაა, რომ არც პრეზიდენტობის და არც გამგეობის წევრობის კანდიდატებს არ მიუღიათ ხმების ის რაოდენობა, რაც წესდებითაა მოთხოვნილი,“ – წერია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img