„თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის მზად ვართ, მაგრამ ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ერთიან პარლამენტში მუშაობა უნდა გახდეს შესაძლებელი.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო.
შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია
პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, მის ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლაა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო. მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს.
მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პირადი ახირებისა თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან, პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პრემიერმა ასევე, ისაუბრა ოპოზიციის დღევანდელ აქციაზე და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მხრიდან არათანმიმდევრული ნაბიჯია შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში, პარლამენტის პიკეტირების მცდელობა. მისი განცხადებით, კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან.
„მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ რაიმე არასწორი ინტერპრეტირება არ მოხდეს გუშინდელი შეხვედრის. კონსტრუქციული შეხვედრა შედგა ბატონი შარლ მიშელის ინიციატივით. ეს შეხვედრა მის მიერ იყო ინიცირებული, რაზეც მე რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის მხრიდან ვნახეთ აბსოლუტურად არათანმიმდევრული ნაბიჯები შეხვედრიდან სულ რაღაც 12 საათში. ვნახეთ, რაოდენ არათანმიმდევრული, დესტრუქციული ქმედება გააგრძელეს მათ. ვგულისხმობ, პარლამენტის პიკეტირების მცდელობას, რაც აბსოლუტურად სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოა და უფრო მეტიც, ეს ანტისახელმწიფოებრივი და უკანონო დესტრუქციული ქმედებები, რაც არ ემსახურება არც ამ დიალოგის ინტერესებს, რომელიც გუშინ დავიწყეთ და რაც მთავარია, არ ემსახურება ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს, ეს მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი კონკრეტული სუბიექტებისა თუ სხვა მტრული ქვეყნების ინტერესებს“, – აღნიშნა პრემიერმა.
მიმაჩნია, რომ კონსტრუქციულ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ პირობით და დათქმით, რომ ასეთივე განწყობა იქნება ოპოზიციის მხრიდან