საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „თბილისი პრაიდის“ უკან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისივე შეფასებით, რადიკალური ოპოზიცია დგას. ამის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მათი მიზანი ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანაა.
„დღევანდელი აქციის ორგანიზატორების უკან დგანან ისევ რევანშისტული, რადიკალური ჯგუფები, კერძოდ, რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით. ისინი არიან ჩართულები, აბსოლუტურად სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას, ისინი უკეთებენ ორგანიზებას აღნიშნულ მარშს და ამ აქციებს. რა თქმა უნდა, მათი მიზანია ქვეყანაში სამოქალაქო არეულობის და ქაოსის შემოტანა, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდება და ამას ჩვენ არ დავუშვებთ. როგორც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა