რამდენიმე ათეული ათასი იხარჯებოდა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული, ფინანსურად ძლიერი დამფინანსებლები ჰყავდა ამ აქციას,- ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისი თქმით, ორგანიზატორთა მხრიდან თანხების დეკლარირებაზე უარის თქმა ეჭვებს ამძაფრებს. რაც შეეხება პროტესტს, კობახიძე იმედოვნებს, რომ პროტესტის ფორმებთან დაკავშირებით, აქციის ორგანიზატორები რაციონალურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„რა თქმა უნდა, ასეთ დროს მნიშვნელოვანია ფინანსური გამჭვირვალეობა, თუმცა, იცით, რომ აქციის ორგანიზატორებმა უარი თქვეს ამ თანხების დეკლარირებაზე, რაც ამძაფრებს ეჭვებს.
ზოგადად, იყო მცდელობა, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო დესტრუქციულ ქმედებებში, კარგია, რომ თბილისში ე.წ. პარალიზების მცდელობას აღარ ჰქონდა ადგილი, ეს იყო რაციონალური გადაწყვეტილება, იმედია ასეთივე რაციონალურ გადაწყვეტილებას მიიღებენ აქციის ორგანიზატორები ამ შემთხვევაშიც,”- განაცხადა კობახიძემ.