არახამია მუშაობს იმაზე, რომ საქართველო – უკრაინის ურთიერთობები დაანგრიოს და რამენაირად ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოახდინოს, რაც მეორე ფრონტის გახსნის წინაპირობად მიაჩნია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის განცხადებით, არახამიამ ჯერ უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო რეზოლუციებზე უნდა ნახოს, რომელიმეს საქართველოს ხელმოწერა აკლია თუ არა და საყვედურები მერე გამოთქვას.
„არახამია და ძმანი მისნი პროვოკაციული განცხადებების გავრცელებით არიან დაკავებულნი, სხვა საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში არ არის მათი მხრიდან – მხოლოდ სიტუაციის დაძაბვას და პროვოკაციული განცხადებებით. მარტივად გეუბნებით, ქართველი ხომ ხართ, ჯერ ის თქვით, რატომ აკეთებს უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წარმომადგენლები განცხადებებს, რაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და საქართველოს აზიანებს, მერე რატომ პასუხობთო საყვედურს გვეუბნებით?! ერთხელ უთხარით იმ არახამიას საყვედური, რატომ ანგრევს თავის განცხადებებით საქართველო- უკრაინის ურთიერთობას?! ჩვენ რატომ ვანგრევთ ურთიერთობას, ჩვენ რა გავაკეთეთ?! არახამიამ წაიკითხოს საერთაშორისო რეზოლუციები, რაც ომთან დაკავშირებით არის მიღებული, ნახოს ვინ არიან ხელის მომწერნი და თუ რომელიმე რეზოლუციას აკლია საქართველოს ხელმოწერა, მერე გამოთქვას ეს საყვედური. ის, რომ საქართველო მეორე ფრონტს არ უხსნის რუსეთს, უკაცრავად და ამის გამო, ამ ვიღაც არახამიას საყვედურს ვერ მივიღებ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, უკრაინის რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიამ არ საქართველოს მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის 14-წლის თავზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა. როგორც მან აღნიშნა, ელოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებას თავის ქვეყანასთან მიმართებაშიც არ ეყოფოდა გამბედაობა, აგრესორი გაეკიცხა.