დეპუტატი კახა ოქრიაშვილი “ქართული ოცნების” განცხადებას – პარლამენტის მიერ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა და აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” გაყალბებული არჩევნების შემდეგ, უკვე სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმასაც აყალბებს.
ოქრიაშვილის თქმით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესის დაწყების შემთხვევაში ის შეუერთდება ოპოზიციის ნაწილს და დატოვებს პარლამენტს.
“გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისინი აყალბებენ სასამართლო სისტემის დაპირებულ რეფორმებს და აყალიბებენ ავტორიტარულ, მართულ სასამართლო სისტემას. მეათე მოწვევის ე.წ. გარდამავალი პარლამენტის ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური. შემოდგომის 43%-იანი პლებისციტის შემდეგ, არალეგიტიმური ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს მათ მიერ მიღებული ყველა კანონი, ხოლო უკანონოდ გამწესებული მოსამართლეები დაუყოვნებლივ ჩამოშორდნენ სასამართლო სისტემას.
ვეთანხმები ოპოზიციის ნაწილის სულისკვეთებას და მოვუწოდებ სრულიად ოპოზიციურ სპექტრს, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის არშეჩერების შემთხვევაში, აღარ მივიღოთ მონაწილეობა არალეგიტიმური პარლამენტის მუშაობაში”. – აცხადებს ოქრიაშვილი.