საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, საელჩო დამაკავშირებლისა და შუამავლის როლს შეასრულებს სოფელ შუქრუთის მცხოვრებლებსა და იმ უწყებებს შორის, ვისაც მათი პრობლემის მოგვარება შეუძლიათ.
ელჩის განცხადებით, საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შეხვდა სოფელ შუქრუთში მცხოვრებ პროტესტის მონაწილეებს და მათი მოთხოვნები მოისმინა.
„ამერიკის შეერთებული შტატები არ არის პირდაპირი ადრესატი. საელჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფიცერი შეხვდა მათ, ესაუბრა და მოისმინა მათი წუხილი.
ჩვენ ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შეძლებენ მათ დახმარებას, რათა ეს საკითხები გადაიჭრას და სასურველი შედეგი მიიღონ. საელჩოს როლი არის მხოლოდ დამაკავშირებელი, შუამავლის როლი.
ასევე, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ისინი რიგზე იქნებიან და მათი წუხილები იქნება მოსმენილი,“-განაცხადა კელი დეგნანმა.
სოფელ შუქრუთში ადგილობრივი მოსახლეობა პროტესტს განაგრძობს. მათი განცხადებით, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად მათი საცხოვრებლები ზიანდება.