4 ივლისიდან ერთი წლის განმავლობაში საქართველოდან ხორბლისა და ქერის ექსპორტი იკრძალება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგიას თქმით ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე უნდა განხორციელდეს.
“რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს”, – განაცხადა შამუგიამ.
მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება.
“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.