22.11.2024

ლევან ვასაძე ირაკლი ღარიბაშვილს – აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ

დღეს, პრორუსული და ჰომოფობიური გამოსვლებით ცნობილმა ბიზნესმენმა, ლევან ვასაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ერთობა, რაობა, იმედის” სახელით, მოქალაქეებთან შეხვედრა გამართა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ლევან ვასაძის თქმით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედი“ მალე პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნება.

პოლიტიკაში მოსვლა მან რამდენიმე დღის წინ დააანონსა. 

ლევან ვასაძე უკვე რამდენიმე წელია, ჰომოფობიური და ძალადობრივი მოწოდებებით გამოდის და ლგბტქ თემის წარმომადგენლებს ფიზიკურ საფრთხესაც უქმნის. დღევანდელი მისი გამოსვლის ძირითადი თემაც, სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა და საზოგადებას დაჰპირდა, რომ მალე აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა. ვასაძე პრემიერ-მინისტრს და მინისტრთა კაბინეტსაც “დაემუქრა”.

“იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ავაშენებთ, აღარ მოგვიწევს ყოველ წელს ნერვიულობა ასეთ სისულელეებზე. მე ამისთვის გადავდგი მათ შორის ეს ნაბიჯი, რომ ტრადიციული, ღირსეული საქართველო აღვადგინო. იმ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ერთად ავაშენებთ, გპირდებით, აიკრძალება გარყვნილების საჯარო პროპაგანდა და ასეთი რაღაცების ყოველ წელს ჩატარება. მინდა კორექტულობის დაცვით მივმართო ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს – ირაკლი, თუ შენ და შენი მინისტრები ამას დაუშვებთ, რა გეი აღლუმებათ, თქვენ მართლა …არ ვიტყვი რა. თქვენ თუ ამას დაუშვებთ, თქვენს მინისტრებთან ერთად, თუ ამას აკადრებთ ამ გაწვალებულ, დამცირებულ, ღირსებაშელახულ ერს, მაშინ ისე გააკეთეთ, როგორც ამას აკეთებენ იმ ევროპის სუსტი ხელისუფლებები, ვინც დაუშვეს თავიანთ ქალაქებში. დაიჭირეთ ფერადი დროშები და გამოდით ამ გარყვნილ ადამიანებთან ერთად. დაგვანახეთ თქვენი სახე. ეს არის უმდაბიოესი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა. ამიტომ, მიგაჩნიათ ძმაო, რომ ჩემი ატეხილია ეს ამბავი? არ გჯერათ, რომ ეს ჩვენი ერის პოზიციაა? აგერ მე და აგერ თქვენ, ნახავთ, რაც დაგემართებათ, თუ გაბედავთ ამის ჩატარებას, მაბრალეთ რაც გინდათ”, – განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გავლენიანი ფიგურაა ულტრამემარჯვენე, რადიკალურ და ურლტრაკონსერვატულ ჯგუფებში. გავრცელებული ცნობებით, იგი ასევე „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან დაკავშირებული პირია.

ვასაძემ, რომელიც ჰომოფობიური განწყობებით არის ცნობილი, 2019 წლის ივნისში უკანონო რაზმების, ე.წ. „ლეგიონის“ ფორმირება და „გეი პროპაგანდის“ პრევენციისთვის პატრულირება დაანონსა. მაშინ შსს-მ ვასაძის განცხადების საფუძველზე უკანონო ფორმირების მუხლით (სსსკ-ის 223-ე) გამოძიებაც დაიწყო. თუმცა, საქმეზე კონკრეტული შედეგი არ დამდგარა და ვასაძეს პასუხი არაფერზე უგია.  ვასაძე ლგბტ თემის საწინააღმდეგო კიდევ ერთ აქციას წინამძღოლობდა.

2019 წლის 16 ივნისს ვასაძემ “მხოლოდ ნამდვილი კაცები” ვერის ბაღში დაპატიჟა, რათა ერთად ემსჯელათ, როგორ აპირებენ 18-23 ივნისს დაგეგმილი სიამაყის კვირეულის ჩაშლას. მას თან ჰქონდა ქამარი და ჯვარ-კომბალი. როგორც თქვა, “პრაიდის წინააღმდეგ სახალხო რაზმებს ქმნიდა, მათი იარაღი კი ქამრები იქნებოდა – ამით შეუკრავდა ხელებს ლგბტქ თემის წევრებს”. 

მეტიც, “თავისუფლების მონიტორის” ინფორმაციით, ლევან ვასაძის კომპანია სს ბაგრატიონი 1882-მა სახელმწიფო პროგრამა “აწარმოე საქართველოში”-ს ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 600 ათასი ლარი მიიღო. 

2019 წლის 8 ივლისს თბილისი პრაიდმა შსს-სთან რამდენიმეწუთიანი აქცია გამართა და ლგბტქ თემის წევრების მიმართ ძალადობა დაგმო. ლევან ვასაძემ თანამოაზრეებთან მათზე ძალადობა სცადა, თუმცა, ადგილზე მისვლა დააგვიანდა. 

2019 წლის 5 ნოემბერს ლევან ვასაძემ სცადა ფილმის And Then We Danced ჩვენების ჩაშლა. მისი ხელმძღვანელობით პროპუტინური და ძალადობრივი ჯგუფები კინო ამირანთან შეიკრიბნენ, სცადეს კინოთეატრში ძალით შეჭრა და დარბევა, ადგილზე აფეთქებდნენ პიროტექნიკას. ამ დღეს ფიზიკური საფრთხე შეექმნა ყველა იმ ადამიანს, ვინც ფილმის ნახვა სცადა. აქტივისტ ანა სუბელიანს თავში მოხვდა მძიმე საგანი. ძალადობრივმა ჯგუფებმა დააზიანეს ჟურნალისტების ტექნიკაც. ლევან ვასაძის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არც ამ დღის შემდეგ დამდგარა.

ვასაძის რიტორიკა ხშირად ბევრს კრემლის რიტორიკასაც ახსენებს.

ქართველი ულტრანაციონალისტი სხვადასხვა დროს აქტიურად ლანძღავდა საქართველოში მოქმედ საელჩოებს, ხოლო დასავლეთს გარყვნილების პროპაგანდის თავს მოხვევასა და იდენტობის დაკარგვის მცდელობაში ადანაშაულებდა. ერთგვარი “საპროგრამო” გამოსვლა ჰქონდა 2016 წელს, როდესაც თბილისმა უმასპინძლა მეათე „მსოფლიო საოჯახო კონგრესს“ სახელწოდებით – „ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: ოჯახი – თავისუფლებისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img