ვრცელდება ინფორმაცია, რომ კომპანია “ენკას” თანამშრომლები, სავარაუდოდ პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ ნამოხვანის მიმართულებით, – ამის შესახებ რიონის ხეობის მცველმა მაკა სულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
სულაძის თქმით, აქტივისტებს არ აქვთ მექანიზმი, იმისათვის, რომ გადაამოწმონ ვინ გადაჰყავთ პოლიციის თანამშრომლებს სპეცმანქანებით.
“აქ შეკრებილი ვართ იმისათვის, რომ შევაფერხოთ კომპანიის მანქანების მუშახელის გადაყვანის პროცესი, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობას არ ვაფერხებთ. სიტუაციის მიხედვით ვაგრძელებთ აქ ყოფნას”, – აცხადებს მაკა სულაძე.
ცნობისთვის, რიონის ხეობის მცველები “ენკას” ბაზას მიმდებარე ტერიტორიაზე დილის 5 საათიდან შეიკრიბნენ. რიონის ხეობის მცველები მოუწოდებენ მხარდამჭერებს, რომ შეუერთდნენ და ერთობლივი ძალებით შეუზღუდონ გადაადგილება „ენკას“ ავტომობილებს.