ფრაქცია “ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ 2018 წელს გიორგი გახარიამ ბადრი ჯაფარიძეს მუქარის შემცველი წერილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, თავის კაბინეტში გადასცა.
ხაზარაძე შინაგან საქმეთა მინისტრს და პროკურატურას ამ საქმის გამოძიების განახლებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ არ განახლდება “მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს”.
“ვინც კი იცნობს ბადრი ჯაფარიძეს შორიდან მაინც, სიტყვა ტყუილი და ბადრი ჯაფარიძე არის აცდენილო ერთმანეთთან. ჯაფარიძე ყოველთვის ამბობდა, რომ ის არ იყო შუამავალი, წერილი გადმოგვცა ჩვენ, მე და ბადრის. როგორ შეიძლება ბადრი ჯაფარიძე იყოს შუამავალი როცა ის, ისეთივე თანამფლობელია და ისევე მართავდა იმ ჩვენს კომპანიებს, როგორც მე. გახარიამ ბადრის გადასცა წერილი, მის კაბინეტში”, – განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ის აღნიშნავს, გახარიამ ჯაფარიძეს შეხვედრა თავად სთხოვა.
“კიდევ ერთხელ მივმართავ პროკურატურას, მივმართავ გომელაურს – იმიტომ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლა გამოსვლა არის ფიქსირებული, ამოიღოს ნოემბრის შესვლა-გამოსვლა და ეს საქმე განახლდეს. თუ არ განახლდება მაშინ საქმე გვექნება სახელმწიფოებრივ დანაშაულთან, რომელიც დანაშაულს აფარებს ხელს. გიორგი გახარიამ, ბადრი ჯაფარიძეს სთხოვა შეხვედრა და ასეც მოხდა. ის მაშინ მინისტრი იყო და რა თქმა უნდა ჩვენთან არ მოვიდოდა ოფისში, მივიდა ბადრი. მან გადმოსცა წერილი და ეს ყველამ იცის.
მე არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, გახარიას სასარგებლოდ მინდა ვთქვა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის წერილი არ იყო გახარიას მიერ დაწერილი და შეიძლება შეწუხებულიც კი იყო რადგან ეს როლი მოირგო” – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
2019 წლის 4 მარტს მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა მუქარის შემცველი წერილი, რომელიც ხაზარაძის მტკიცებით, მას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ იმჟამინდელმა შსს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
ხაზარაძის მიერ გავრცელებულ წერილში, მისი მტკიცებით, გიორგი გახარია მას ტელეკომპანია “ტვ პირველის” სარედაქციო პოლიტიკის ტელეკომპანია “იმედის” ტრენდზე გადაყვანას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებით ემუქრებოდა.
ხაზარაძის თქმით, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მამუკა ხაზარაძემ უნდა გააკეთოსგანცხადება იმის შესახებ, რომ მისთვის ნაციონალური მოძრაობის რევანში მიუღებელია.
როგორც ის ამბობს, წინააღმდეგ შემთხვევაში წერილის ავტორები მის წინააღმდეგ ყველასაშუალების გამოყენებით ემუქრებოდნენ.
წერილის დედანზე ექსპერტიზა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ჩაატარა.
პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზის შედეგებით დადგინდა, რომ ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ მუქარის წერილის დედანზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა.