მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებული ექიმის შეცვლილი ჩვენებები და საქმის მასალები “ტვ. პირველმა” მოიპოვა. საქმის მასალებიდან ჩნს, რომ ახალციხის კლინიკა “იმედის” ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, 28 წლის მედდის გარდაცვალების შესახებ ორ განსხვავებულ ჩვენებას აძლევს.
პირველ ჩვენებაში ინასარიძე ირწმუნებოდა, რომ მან მეგი ბაქრაძეს აცრის შემდეგ 0,5 მლ. ადრენალინი გაუკეთა. საპირისპიროა მისი მეორე ჩვენება – ამ შემთხვევაში ექიმი ამბობს, რომ მეგი ბაქრაძითვის ადრენალინი საერთოდ არ გაუკეთებია. “მეგონა, უბრალო, ალერგიული რეაქცია მისცა, იმიტომ ასეთი რაღაცა მინახია ძალიან ბევრი, ეს არის ჩვეულებრივი, ემოციური ბავშვიც იყო და ჩავთვალე, რომ არ იყო საგანგაშო სიტუაცია”- წერია ჩვენებაში. “
ვიოლეტა ინასარიძე ბოლო ჩვენებაში აღიარებს იმასაც, რომ მედდის გადასარჩენად არაფერი მოუმოქმედებია. თუ პირველ ჩვენებაში მედიკოსი ამბობდა, რომ მან პროტოკოკოლის მიხედვით, აცრის შემდეგ, მეგი ბაქრაძესთან 30 წუთი გაატარა, ახალ ჩვენებაში, ის ამ ფაქტს უარყოფს.
“პრინციპში არაფერი არ მიქნია, საიმედო ადამიანს ჩავაბარე…. არაფერი არ გამიკეთებია, იმიტომ რომ არ ჩავთვალე საჭიროდ, რომ თითქოს ეს იყო ანაფილაქისს მაჩვენებელი”- ვკითხულობთ ვიოლეტა ინასარიძის შეცვლილ ჩვენებაში.
საყურადღებოა, ჩვენების ის ნაწილი, სადაც ვიოლეტა ინასარიძე სამედიცინო ისტორიაზე ჰყვება.
ინასარიძის თქმით, ინფორმაცია, რომ მეგი ბაქრაძისთვის ადრენალინი არ გაუკეთებია, ინფორმირებული იყო ყველა ის პირი ვინც სამედიცინო ისტორიას ხელი მოაწერეს.
კითხვაზე, რატომ დამალეს მედიკოსებმა ფაქტი, ვიოლეტა ინასარიძე ამბობს, რომ მედიკოსებს შეეშინდათ. “შეგვეშინდა, ანაფილაქსია იყო თუ არა. წესით უნდა გამეკეთებინა თუ ამის ნიშნები იყო. მერე ხომ განუვითარდა რაღაც მაგდაგვარი”- ამბობს მედიკოსი.