საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. ამის შესახებ ის წერილში წერს, რომელიც ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა გააცნო.
სააკაშვილი წერილში აღნიშნავს, რომ ვიდრე ის დაპატიმრებულია, საკვებს არცერთი ფორმით არ მიიღებს.
“ყველა ჩემი ნაბიჯი ნაკარნახევი იყო მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ დაზარალებულიყო. ასევე, მოვუწოდებ სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ. ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით – შეწყდეს მართლსამჯულების უსამართლო პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებას ძალდატანების და გაყალბების გარეშე.
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არცერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა ბოლომდე შემრჩეს, ამიტომ თანახმა ვარ ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, რომელიც დამეხმარება გონზე ყოფნაში და თუნდაც ძალიან შეზღუდულად, მაგრამ მაინც მიმდინარე მოვლენებში მონაწილეობის მიღებაში, რათა სადამდეც შემეძლება, გამოვადგე საქართველოს.
ახლა საზოგადოება ძალიან მობილიზებულია მიუხედავად ჩემი პირადი მდგომარეობისა, როგორც არასდროს, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი”, – წერს სააკაშვილი.