ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ გამოძიების დაწყების საკმარისი საფუძველი არ არსებობს. მისი თქმით, გამოძიება იწყება მაშინ, როცა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს.
„ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, არსებობს გამოძიების დაწყების საფუძველი. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი. გამოძიებისთვის თუ არსებობს საკმარისი წინაპირობები, ასეთ შემთხვევაში გამოძიება უნდა დაიწყოს, გამოძიება იწყება მაშინ, როცა ვარაუდის საკმარისი ხარისხი არსებობს, ასე არ შეიძლება ყველაფერზე”, – განაცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებთან.
ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით გამოძიება არ იწყება. გამოძიებას აქვს წინაპირობები
მისივე თქმით, ჩანაწერების გავრცელება, შესაძლოა, მოლაპარაკების ჩაშლას ისახავდეს მიზნად და მოლაპარაკებების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში.
“ჩვენგან სრული მზადყოფნა გამოიხატა, რომ შევძლოთ და ყველა ის საკითხი, რაც შეიძლება იყოს განსახილველი მოლაპარაკების პროცესში, მაქსიმალურად შევაჯეროთ და მაქსიმალურად გვქონდეს შესაძლებლობა ვისაუბროთ შედეგიან მოლაპარაკებაზე. თუმცა, კვლავაც იკვეთება ვარაუდისთვის საფუძველი, რომ ოპოზიციის დიდ ნაწილს შეიძლება სრულიად განსხვავებული განწყობა ჰქონდეს მოლაპარაკებასთან მიმართებაში და მოქმედებდნენ დესტრუქციულად, მათ შორის, მოლაპარაკებებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია, ოპოზიციისგან იყოს მზადყოფნა, სხვაგვარად, მე ვფიქრობ მოლაპარაკება გართულდება.
მათ შორის, ესეც უნდა განვიხილოთ, რომ თუნდაც, იმ საშუალებით რასაც ჰქვია აუდიოჩანაწერის გავრცელება გარკვეული ინსინუაციებისთვის, ხელოვნურად მიზეზების შექმნა შეიძლება გამიზნული იყოს საიმისოდ, რომ რეალურად მოლაპარაკება არ შედგეს, არ იყოს შედეგიანი. ეს არის ის, რასაც დიდი ხანია ვვარაუდობთ, რომ მოლაპარაკების შედეგიანად წარმართვა არ შედის რიგი პოლიტიკური პარტიების დღის წესრიგში,”- განაცხადა სარჯველაძემ.