მოსკოვმა, უახლოეს პერიოდში, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დაკისრებული 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს.
“რადიო თავისუფლების” ინფორმაციით, ამის შესახებ ცნობილი გახდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომის შემდეგ, რომელიც მინისტრების მოადგილეების დონეზე გაიმართა.
ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გადახდა უნდა განხორციელდეს „ნებისმიერ შემთხვევაში წლის ბოლომდე“, დარიცხული განაცდენი პროცენტებით ევროსაბჭოს საბანკო ანგარიშზე.
მედია წერს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აღნიშნეს, რომ რუსეთი დათანხმდა, ხელი მოეწერა შესაბამის მემორანდუმს ურთიერთგაგების შესახებ, თუმცა, ხელი ჯერ არ მოუწერია.
ქართულმა მხარემ უკვე გააფორმა მემორანდუმი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. მინისტრთა კომიტეტი საკითხის განხილვას 2022 წლის მარტში, 1428-ე სესიაზე დაუბრუნდება. ცნობილია, რომ მიმდინარე წლის ივნისში მინისტრთა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, 6 სექტემბრამდე გადაეხადა პირდაპირ საქართველოსთვის კომპენსაცია, რომელიც მიკუთვნებულია საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმისთვის, რომელიც ფულადი სახსრების გადარიცხვის ნებას იძლევა.
მიმდინარე წლის თებერვალში იუსტიციის იმდროინდელმა მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის, შეუერთდეს საკითხის განხილვას კომპენსაციის გადახდის შესახებ, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის. მოსკოვის პოზიციას მან უწოდა „მცირე ნაბიჯი წინ“.
ადამიანის უფლება ევროპულმა სასამართლომ მოსკოვს საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონი ევროს გადახდა 2019 წლის დასაწყისში დააკისრა.
წყარო:interpressnews.ge