თბილისის საქალაქო სასამართლო, მცირეწლოვნი ბავშვის მიმართ წამების საქმეზე, ბავშვის დედისა და მამინაცვლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობს.
ბრალდებულის ადვოკატის თქმით, ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ აქვს. ბრალდებულები დანაშაულს არ აღიარებენ.
„ბრალდების მხარეს წამების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მათ შორის – არც ბავშვის ჩვენება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, თავის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში, თავს დამნაშავედ არ ცნობს, ბუნებრივია, არც – წამებაში. მისი მხრიდან არანაირ წამებას არ ჰქონია ადგილი“, – ამბობს ადვოკატი მურმან ღურწკაია.
გუშინ სასამართლომ 6 წლის ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს არასრულწლოვნის ძმაც.
საქართველოს პროკურატურამ ბავშვის დედასა და მის მეუღლეს ბრალდება 19 ივნისს წარუდგინა.