იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ხვალ, იუსტიციის საბჭო მოსამართლეების 100-ზე მეტ ვაკანსიასთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას.
როგორც ჯანეზაშვილი, ტელეკომპანია “ფორმულასთან” აცხადებს, საბჭო ხვალ, კენჭისყრას ჩაატარებს მოსამართლეების წარდგენის, დანიშვნისა და გადაყვანის შესახებ და ხვალ გადაწყდება სასამართლო სისტემის მომავლის ბედი.
“ხვალ საბჭო დასკვნით ეტაპზეა, გადაწყდება ჩვენი ქვეყნის სასამართლო სისტემის მომავლის ბედი. შარლ მიშელის დოკუმენტში წერია, რომ უნდა გაჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების შერჩევის პროცესი და იქ საუბარია რეფორმებზე. რეფორმები რომც განხორციელდეს მომავალში, ვისთვის ვატარებთ ამ რეფორმებს, თუ საბჭო ხვალ წარადგენს მისთვის სასურველ კანდიდატებს პარლამენტში?
ხვალ მართლა წყდება ამ ქვეყნის დემოკრატიის ბედი იმიტომ, რომ საუბარია 100-ზე მეტ ვაკანსიაზე და საბოლოო ჯამში, შეიძლება, რომ ამით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ დასამარდეს იდეა, რომ ამ ქვეყანაში გარედან შემოვლენ კარგი, ღირსეული მოსამართლეები.
ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების მხარდაჭერა რომ არ ჰქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ამას ვერ გააკეთებდა. ამიტომ, საბოლოოდ, ყველაფერი მიდის იქამდე, რა ინტერესები აქვს ხელისუფლებას და რა ინტერესები აქვს სასამართლოს. გარედან ჩარევამ და შიგნიდან ჩემმა აქტიურობამ საბოლოო ჯამში, მაინც არ შეცვალა ის, რომ კლანი დაშლილიყო ან შესუსტებულიყო.” – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა გადაცემა “კომენტარში.”