„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 82% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. 9%-ისთვის ევროკავშირში გაწევრიანება მიუღებელია, ხოლო 8%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
NDI-ის კვლევის მიხედვით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა, ხოლო შემცირდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობით საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს.
ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ხელმოწერა თანაბრად მისაღებია ყველასთვის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკისა და პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად. კითხვაზე დადებითად 83%-მა უპასუხა.
რაც შეეხება ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა ოდენობას, გამოკითხულთა 71%-ის აზრით, ნატო-ში გაწევრიანება მათთვის მისაღებია. 15%-ისთვის მიუღებელია, ხოლო 13%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ომის დაწყების შემდეგ, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და ასევე, ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს.
ომის დაწყების შემდეგ, ყოველ მეორე მოქალაქეს, გამოკითხულთა 55%-ს სჯერა, რომ საქართველო ტერიტორიულ მთლიანობას აღადგენს.