21.11.2024

ნეკა დოროყაშვილი – ნიკოლოზის ოჯახში არარაობად მთვლიდნენ – იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც

ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, არ წახვიდე მათთან, იქ მგლები არიანო, – ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილმა მეუღლემ, ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მეუღლისა და მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე. დოროყაშვილის განმარტებით, ყოფილი დედამთილის მხრიდან ძალადობას ადგილი ჰქონდა მისი შვილის მიმართ, ბავშვს ხელი დაარტყა, რის შემდეგაც ქალს შემაკავებელი ორდერიც გამოუწერეს.

“ნიკოლოზის ოჯახში არარაობად მთვლიდნენ. ნებისმიერ თემაზე შეეძლოთ ჩემთვის შეურაცხყოფა მოეყენებინათ. ნიკოლოზი კი თვლიდა, ეს ხომ მაინც არაფერს არ იტყვისო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

ამასთან, დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა აშშ-ში ყოფნისას მეუღლის მხრიდან ძალადობაზე. როგორც მან განმარტა, აშშ-ში ტურნირზე იყვნენ, სასტუმროში კი წყვილს კონფლიქტი მოუვიდა, რა დროსაც მას ბასილაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა.

“გრძელი თმა მქონდა, თმებით მათრია, მირტყდამდა წიხლებს მუცელში. ამის მერე დაიწყო ნივთების ჩალაგება, შოკში ვიყავი და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. ვკითხე, ამას რატომ აკეთებ-მეთქი. შემდეგ მახსოვს ჩოგნების ჩანთა ჩამარტყა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ყოფილმა მეუღლემ მას წაართვა აკრედიტაციის ის ბარათები, რითაც მას კორტებზე შესვლა შეეძლო.

გარდა ამისა, დოროყაშვილის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლე სხვასთან ღალატობდა. მისივე თქმით, ბასილაშვილმა ახალი პარტნიორის გაცნობის მიზნით საკუთარ შვილს უთხრა, რომ “ახალ დედიკოს” გააცნობდა.

“იყო ქართველ გოგონასთან ღალატის ამბავიც. ერთხელ მითხრა, წამოდი ამ გოგოსთან, დაელაპარაკე იმისთვის, რომ მშვიდად იყოსო. ეს ჩემთვის შეურაცხმყოფელი იყო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მან პროცესზე ასევე გაიხსენა თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მომხდარი კონფლიქტიც, რა დროსაც მას მეუღლემ დაზიანებები მიაყენა.

“ასევე მახსოვს 2019 წლის აპრილი, როცა ვთქვი, რომ ეს ძალადობა უნდა დასრულდეს და გაყრის გადაწყვეტილება მივიღე. ერთმანეთს შევხვდით კეკელიძია ქუჩაზე, ჩვენივე მანქანებით ვიყავით, მისვლისას მთხოვა, რომ მის მანქანაში ჩავმჯდარიყავი. ჩავჯექი, მომაყენა შეურაცხყოფა, მითხრა, მაჩვენე რა გაქვს ტელეფონშიო. არ ვაძლევდი ტელეფონს, ის კი ცდილობდა წართმევას. დაიწყო წიხლების დარტყმა, რაღაც მომენტში პედალს ფეხი მიაჭირა, მახსოვს, რომ წინ ბეტონის კედელი იყო და შეჯახების შემეშინდა, ამიტომ საჭე შემოვატრიალე, მან კი ფეხში ჩამარტყა. ამ პროცესში გადავაგდე ჩემი ტელეფონი მანქანიდან, უცებ გამოვიქეცი, ავიღე ეს ტელეფონი და ჩავჯექი ჩემს მანქანაში. ამის მერე ნიკა ისე მოადგა ჩემს მანქანას, რომ ვერ ვტრიალდებოდი. მან საიდანღაც წამოიღო რკინის ყუთი და მთხოვდა, რომ მანქანიდან გადმოსვულიყავი. მანქანა ჩაკეტილი მქონდა, ის კი მოვიდა მძღოლის საპირისპირო მხარეს, მომიკაკუნა და მითხრა, თუ კარებს არ გავუღებდი ჩალეწავდა მანქანას. შემეშინდა, უცებ გადმოვედი მანქანიდან და გავიქეცი. მანქანა დაქოქილი დავტოვე, რადგანაც ძრავის ჩაქრობას ვერ მოვასწრებდი. მახსოვს, მანქანა შორიდან გასაღებით (დისტანციურად) ჩავკეტე, რადგანაც მეშინოდა არ დაეზიანებინა. იქვე იყო სუპერმარკეტი, თანამშომლებმა შიგნით შემიყვანეს და მამშვიდებდნენ. მათ ვუთხარი, რომ მომსდევდა. ვთხოვე, გაეხედათ, რათა დავრწმუნებულიყავი კიდევ მომსდევდა თუ არა ნიკოლოზი. ამის მერე მათ გავაჩერებინე ტაქსი, რომელშიც ჩავჯექი და მეგობართან მივედი“,- განაცხადა დოროყაშვილმა.

მისი თქმით, ამავე დღეს მან ნიკოლოზ ბასილაშვილის დედისგან სმს შეტყობინება მიიღო, სადაც ქალი მას წერდა, რომ შვილს ვერ ნახავდა.

“მომდის ნიკას დედისგან მესიჯი, რომ “შენს შვილს თვალით ვეღარ ნახავ”. ამის მერე დავურეკე დედაჩემს და ვკითხე, ბავშვი სად არის-მეთქი, რაზეც მიპასუხა, რომ ნიკოლოზმა გამოიარა და წაიყვანა ბავშვიო. მე დედაჩემისთვის (კეკელიძის ქუჩაზე ) მომხდარი კონფლიქტის შესახებ არ მითქვამს. დავიწყე ბავშვის ძებნა, საბოლოო ჯამში, ბავშვი ჩემთან სახლში დააბრუნეს. ამ ინციდენტის შემდეგ მე ნიკოლოზთან თანაცხოვრება შევწყვიტე”. განაცხადა დოროყაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ იმ დღეს კონფლიქტისას სხეულზე დაზიანებები მიიღო, გადაიღო ფოტოები. დაზარალებულმა აღნიშნული ფოტოები დღეს სასამართლოზე წარადგინა.

ამასთან, როგორც დოროყაშვილმა განმარტა, გაყრის შემდეგ ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომინიკაცია ჰქონდა, თუმცა შეურაცხყოფა მაინც არ წყდებოდა ბასილაშვილის მხრიდან.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img