მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გადაჭარბების გარეშე იქნება ნათქვამი, ალბათ, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ამ ტრიბუნასთან მოსასვლელად ემოციური დისკომფორტის დაძლევა მიწევს. ეს რომ სხვაგვარად იყოს გასაკვირი იქნებოდა, ვინაიდან, ამ დარბაზში მყოფთა დიდმა ნაწილმა თითი მიაჭირა ღილაკს ორჯერ და პირადად მიიღეთ მონაწილეობა პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმის, ჩემი აზრით, თქვენთვისაც კი ძალიან სამარცხვინო გადაწყტვეტილებაში. თუმცა, ჩემი თქვენგან დასაჭერად გადადებულის დისკომფორტი არაფერია იმასთან შედარებით, თუ რა დისკომფორტს განიცდის დღეს ჩვენი ხალხი და რას გრძნობს ჩვენი ხალხი, რომელიც იძულებულია დღეს ამ თავყრილობას პარლამენტი უწოდოს, თანაც იცოდეს, რომ ერს ყველაფერი არ შეესაბამება, არ გამოხატავს არ ასახავს მათ ნებას, სურვილებს და მისწრაფებებს.
ალბათ, ბევრი კითხვა გექნებათ და შევეცდები ნაწილობრივ გიპასუხოთ. ერთი კითხვაა, რატომ ვარ მე დღეს აქ? – ერთადერთი, რის გამოც დღეს მე აქ ვარ ჩემს მეგობრებთან ერთად ამ ყველაფერს აქვს მკაფიო და კონკრეტული ამოცანა, რომ მალე დავტოვო ეს დარბაზი და ამ დარბაზში, რაც შეიძლება მცირე დოზით, ნაკლებად დაგაფრთხოთ. ამ დარბაზის დატოვებას ვაპირებ მე თქვენთან ერთად. მე შემოვედი აქ იმისთვის, რომ თითოეული თქვენგანი ვინც დღეს აქ ხართ სათითაოდ გაგიყვანოთ ამ დარბაზიდან და ამის შემდეგ საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა აირჩიოს ნამდვილი პარლამენტი და აირჩიოს ლეგიტიმური ხელისუფლება ზუსტად იმ პროპორციით, რომელსაც საზოგადოება გაიმეტებს თქვენთვის და არა ბიძნა ივანიშვილი, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო ნოტარიალურ კანტორად აქცია.
მე არ ვამბობ, რომ თქვენა ასე გინდოდათ, როდესაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს მოხვედით, მაგრამ გინდოდათ თუ არა ეს სხვა საკითხია, თქვენ აღმოჩნდით ტყვეობაში. როდესაც გისმენთ ხოლმე მეც კი არ მჯერა, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება დაიბადოს და გაიზარდოს ადამიანი და იყოს უსიტყვო მორჩილებაში ოლიგარქი ადამიანის, რომელსაც ბევრი ფული აქვს და მეტი არაფერი. თქვენ ხართ დასახსნელნი ამ ტყვეობიდან. მე ძალიან კარგად ვიცი, რომ საქართველოს ნამდვილ პატრიოტს, რომელსაც უწევს პოლიტიზირებულ უსამართლო პოლიციასთან დაპირისპირება, პროკურორთან და მოსამართლესთან, თქვენც იგივე ფიქრები და შიშები წამოგეშლებათ ხოლმე. თუკი გაბედავთ და ხვალ განსხვავებულ პოზიციას დააფიქსირებთ, ბიძინა ივანიშვილის ეს პოლიტიკური პოლიცია თქვენც დაგიპირისპირდებათ, სასამართლოც და პროკურატურაც“, – განაცხადა მელიამ.