პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ანდრეი რუდენკოს განცხადებაზე და აღნიშნა, რომ ეს ხელისუფლებისთვის მოულოდნელი არ იყო, რადგან კარგად იციან, რა პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„რაც შეეხება რუდენკოს განცხადებას, ჩვენთვის ეს განცხადება მოულოდნელი არ ყოფილა. ვიცით, თუ რა პოზიცია აქვს რუსეთს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. რუსეთს არავინ ეკითხება, საქართველო რა გზით განვითარდება, რა გზას აირჩევს და რომელ ალიანში გაწევრიანდება, ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადაწყვეტილება. რუსეთის მიზანია, რომ ჟენევის მოლაპარაკებებში არანაირი წინსვლა და პროგრესი არ იყოს. სამწუხაროდ, ისინი ამას ახერხებენ. ამ ფორმატში ვართ, რადგან ერთადერთია, სადაც მონაწილეობს ეუთო, გაერო, ევროკავშირი, ამერიკა, ყველა ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაცია. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ ფორმატში მოლაპარაკებები გაგრძელდეს იმის მიუხედავად, რომ სამწუხაროდ, პროგრესი ჯერ არ არის“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში განაცხადა რომ საქართველოს სურვილი, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი, გაუმართლებელი არჩევანია, ის მოიტანს მეტ ესკალაციას, დაძაბულობასა და გაურკვევლობას რეგიონში.