ოზურგეთის მოქმედი მერის, ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურში გასული კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბს არჩევნების მეორე ტურამდე მხარდამჭერები ტოვებენ, რადგან მათთვის ცნობილი გახდა, რომ შარაშენიძემ ოზურგეთის მერიის “ერთობლივი” ანუ კოალიციური მართვა, “ნაციონალური მოძრაობის” რადიკალურ ფრთას შესთავაზა – ინფორმაციას ამის შესახებ “გურია თაიმსი” ავრცელებს.
“გურია თაიმსის” ცნობით, მოქმედი მერის კონსტანტინე შარაშენიძის შტაბს არჩევნების მეორე ტურამდე მხარდამჭერები, რომ ტოვებენ, ადასტურებს “ნაციონალური მოძრაობის” ნასაკირალის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატის, ბესო ქათამაძის გარემოცვაც, საიდანაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ შარაშენიძე-ქათამაძის შეხვედრა გუშინ შედგა. შეხვედრამ პარტიაში პრობლემები ბესო ქათამაძესაც შეუქმნა, რადგან ოზურგეთში “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა, ირაკლი ღლონტმა და პარტიის თავმჯდომარემ დავით მჟავანაძემ, პირველი ტურის შემდეგ განაცხადეს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მეორე ტურში არცერთ კანდიდატს არ დაუჭერს მხარს და საკუთარი მაჟორიტარების გასაყვანად იბრძოლებს.
ვიდრე ოპოზიციაში ურთიერთობებს არკვევენ, “ნაცმოძრაობის” ხმებზე მონადირე შარაშენიძეს შტაბი ეშლება, რადგან მისი პროპაგანდა წლების განმავლობაში ემყარებოდა მითს, თითქოს შარაშენიძის ერთ-ერთი ძლიერი მხარე “ქართული ოცნების” “გარკვეული წრეების” მხარდაჭერა იყო. მის მხარდამჭერებს ადგილობრივ არჩევნებამდე მართლაც სჯეროდათ ამის, თუმცა “ქართული ოცნების” მხრიდან მერობის კანდიდატად ავთანდილ თალაკვაძის დასახელებამ, შარაშენიძის წინააღმდეგ ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყებამ, ასევე ცენტრალური მედიის მიერ კორუფციაში მხილებამ, ეს მითი საბოლოოდ გააქარწყლა. მხარდამჭერთა იმ ნაწილს კი, ვისაც ბოლომდე სჯეროდა შარაშენიძის “პრო-ოცნებისტობა”, საბოლოო წერტილი “ნაცმოძრაობის” რადიკალურ ფრთასთან გარიგებამ დაუსვა.