შაბათის ფორმულას ინფორმაციით, პოლიცია პროსტიტუციის ბიზნესშია ჩართული. კერძოდ, ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიცია გოგოებს გამოძახებით ესკორტად ემსახურება და ამაში სოლიდურ გასამსჯელოს იღებს.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ სექს-მუშაკების გამოძახების საიტზე პირველივე მცდელობისას სექს-მუშაკის გამოძახება კომენდანტის დროს მარტივად მოხერხდა. მსგავსი შინაარსის განცხადება, რომ ქალები 21:00 მერეც გადიან, ბევრი იძებნება.
ფორმულას ექსპერიმენტის დროს, ერთერთ მისამართზე ქალი გამოძახებით კომენდანტის დროს ტოიოტა ქამრიმ მიიყვანა. ქამრის მალევე მოყვა თეთრი შკოდა – ოპერატიული ნომრებით. ორივე მანქანა ადგილზე ერთი საათი იცდიდა. 1 საათში ქალი ტოიოტა ქამრიმ წაიყვანა, თუმცა ოპერატიულ სამძებრო სამსახურის შკოდა დაახლოებით 10 წუთი ადგილზე დარჩა. ის, სავარაუდოდ, დარწმუნდა, რომ საეჭვო გადაადგილება არ შეინიშნებოდა და ტერიტორია ამის შემდეგ დატოვა.
ტოიოტა ქამრის მძღოლი, რომელიც დათქმულ მისამართზე კომენდანტის დროს პირველად გამოჩნდა, შაბათის ფორმულას ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის მოქმედი თანამშრომელია – ბექა შელია.
შაბათის ფორმულამ ბექა შელიას სახლში მიაკითხა, თუმცა, გვითხრეს, რომ ის ქირით გადავიდა.
როცა გაიგო, რომ ფორმულა ეძებდა, ბექა შელიამ ფეისბუქის ანგარიში წაშალა. თუმცა, მანამდე მას გარეკანზე საპატრული პოლიციის მანქანასთან გადაღებული ფოტო ეყენა, სამუშაო ადგილად კი შინაგან საქმეთა სამინისტრო ჰქონდა მითითებული.
შელიამ შაბათის ფორმულას უთხრა, რომ ტაქსის მძღოლია და არანაირი ინფორმაცია არ აქვს.
“მე მგზავრი მივიყვანე და მერე მივაკითხე, წამოვიყვანე. არანაირი თეთრი შკოდა არ მინახავს, თეთრი შკოდა ბევრი მოძრაობს ქალაქში და როგორ გითხრათ, რა ვიცი”. – თქვა მან.
თეთრი შკოდა შსს-ის მფლობელობაშია. თუმცა, რომელ დანაყოფს ემსახურება მანქანა სახელმწიფო ნომრით 430, რომელიც კომენდანტის საათის დროს სექს მუშაკს და მის კლიენტს დარაჯობდა, უცნობია.