პორტუგალიაში დამსაქმებლებს არასამუშაო საათებში თანამშრომლებისთვის დარეკვა, ან შეტყობინების გაგზავნა აეკრძალათ. შრომის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პორტუგალიის პარლამენტმა, წინა კვირას მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews ავრცელებს.
ახალი რეგულაციების თანახმად, დამსაქმებელი კანონის დარღვევისთვის, შესაძლოა, დაჯარიმდეს. გარდა ამისა, დისტანციურად მუშაობის დროს უფროსები თანამშრომლებს ვეღარ გააკონტროლებენ.
ამასთან, პორტუგალიელმა კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს ე.წ. „გათიშვის უფლების“ ლეგიტიმაციას, რომელიც არასამუშაო საათებში სამუშაო ჩატებისა და მოწყობილობების გათიშვას ითვალისწინებს.
ახალი რეგულაციებით კომპანიები ასევე ვალდებულები არიან, დაეხმარონ თანამშრომლების მიერ დისტანციურ სამუშაოზე გადასვლის შედეგად გაწეული ხარჯების დაფარვაში. კერძოდ, ელექტროენერგიის ან ინტერნეტის მაღალი გადასახადები დაფარონ. დამსაქმებლებს შეუძლიათ, ეს ხარჯები ბიზენს-ხარჯებში გაატარონ და ჩამოწერონ.
ცვლილებები შრომის კოდექსის მიხედვით, არ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებშიც 10-ზე ნაკლები ადამიანია დასაქმებული.
ახალი წესები კარგი ამბავია მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებისთვის, რომლებსაც დამსაქმებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, სახლიდან მუშაობის უფლება მიენიჭათ, ვიდრე მათი შვილი 8 წლის არ გახდება.
დისტანციური მუშაობის წესებში, ასევე, მარტოობასთან ბრძოლის ზომები შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიებმა პირადი შეხვედრები, მინიმუმ, ორ თვეში ერთხელ უნდა გამართონ.