5 ივლისის მოვლენების შემდეგ ერთი წელი გავიდა და დღეს, საზოგადოება ისევ ელოდება დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” წერს.
ზურაბიშვილის თქმით, „ეს ის რეალობაა, რომლის საფუძველზეც, პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური და აგრესიული დაჯგუფებები ამ პერიოდში გაძლიერდნენ“.
მისი თქმით, პრორუსული ჯგუფების აკრძალვა არის უკიდურესი გადაწყვეტილება, თუმცა შესაძლებელია საჭიროც გახდეს, მაგრამ მანამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პროროსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება.
„გაძლიერდნენ იმ ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც სრულიად მიუღებელია. მათი გაძლიერება კი აზიანებს ჩვენს ევროპულ პერსპექტივას.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ ამაზე პასუხი მათი საქმიანობის აკრძალვაა, თუმცა დემოკრატიული პრინციპების მქონე ქვეყანაში აკრძალვა უნდა იყოს ბოლო, უკიდურესი ნაბიჯი და ძლიერი სამართლებრივი არგუმებტებით გამყარებული, რათა არ დარჩეს ეჭვი, რომ აქ არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა. თუმცა, იგივე დემოკრატიული ქვეყნების პრინციპებიდან გამომდინარე მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაც შესაძლებელია საჭირო გახდეს.
ამ უკიდურესი გადაწყვეტილების მიღებამდე ყველამ თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და მიუღებელი იყოს ამ ჯგუფების დაცვა და მათი პრორუსული და ანტიევროპული პროპაგანდის წახალისება“,- წერს ზურაბიშვილი.