22.09.2024
- Advertisement -spot_img

პუტინი – აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს…ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს, რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება

რამდენიმე საათის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. საომარი მოქმედებების დაწყებამდე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა.

როგორც პუტინი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა წითელი ხაზი გადაკვეთეს და ამის მოთმენას არ აპირებს. ასევე, დაემუქრა ყველა ქვეყანას, ვინც კრემლის მოქმედებებისთვის ხელის შეშლას გადაწყვეტს. მისი თქმით, მათ ვინც გადაწყვეტს, რომ რუსეთს ხელი უნდა შეუშალოს ან რაიმე სახის საფრთხე შეუქმნას ქვეყანას და მის ხალხს, უნდა იცოდეს, რომ ოფიციალური მოსკოვის პასუხი მყისიერი იქნება და ისეთ შედეგს მოუტანს ამ ქვეყნებს, რაც მათ საკუთარი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოუცდიათ.

“უბრალოდ დაკვირვება, იმაზე, რაც ხდება, მეტი აღარ შეგვიძლია. ეს ჩვენი მხრიდან აბსოლუტური უპასუხისმგებლობა იქნებოდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ინფრასტრუქტურის შემდეგი გაფართოება, უკრაინის ტერიტორიის სამხედრო ათვისების დაწყება, ჩვენთვის მიუღებელია.

საქმე, რა თქმა უნდა, თავად NATO-ს ორგანიზაცია არაა, ეს მხოლოდ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის ნაწილია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენს მიმდებარე ტერიტორიებზე, აღვნიშნავ, ჩვენსავე ისტორიულ ტერიტორიებზე, იქმნება მტრული ანტირუსეთი, რომელსაც გარე კონტროლის ქვეშ სვამენ, მათ NATO-ს ქვეყნები აძლიერებენ და ასაზრდოებენ, ტენიან ყველაზე თანამედროვე იარაღით. აშშ-სთვის და მისი მოკავშირეებისთვის, ეს ეგრედ წოდებული რუსეთის შეკავების პოლიტიკაა. აშკარა გეოპოლიტიკური დივიდენდები. ჩვენი ქვეყნისთვის კი, ეს საბოლოო ჯამში სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენი, როგორც ერის, ისტორიული მომავლის საკითხი. და ეს გადაჭარბება არაა. ეს ასეა. ესაა რეალური საფრთხე არა უბრალოდ ჩვენი ინტერესებისთვის, არამედ თავად ჩვენი სახელმწიფოს არსებობისთვის, მისი სუვერენიტეტისთვის. ეს არის სწორედ ის წითელი ხაზი, რომელზეც არაერთხელ მისაუბრია. ის მათ გადაკვეთეს.

რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა მათთვის, ვინც შეიძლება ცდუნდეს და მიმდინარე პროცესებში გარედან ჩაერიოს. ვინც არ უნდა შეეცადოს ხელი შეგვიშალოს და უფრო მეტიც, შეუქმნას რაიმე საფრთხე ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, უნდა იცოდეს, რომ რუსეთის პასუხი იქნება დაუყოვნებლივი და მიგვიყვანს ისეთ შედეგებამდე, რაც აქამდე თქვენი ისტორიის განმავლობაში არასდროს გამოგიცდიათ. ჩვენ მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართ. ყველა აუცილებელი გადაწყვეტილება ამ მიმართულებით უკვე მიღებულია. იმედი მაქვს, რომ ჩემი ნათქვამი გაგონილი იქნება,“- განაცხადა პუტინმა.

- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

როგორ ცვლის ტექნოლოგიები ჩვენს ტვინს, შესაძლებლობებსა და მომავალს

ნაწილი I: ტვინის ცვლილებები ტექნოლოგიების გამოყენების შედეგად თანამედროვე სამყაროში მუდმივი ტექნოლოგიური კომუნიკაცია მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. კვლევები აჩვენებს, რომ...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img