„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საპარლამენტო ოპოზიციას, შესაძლოა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზოს.
ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში დასახელებული პარლამენტის ხუთი კომიტეტიდან “ქართული ოცნება“ ოპოზიციისთვის სწორედ, აღნიშნული ორი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტის დათმობას გეგმავს.
“ქართულ ოცნებაში“ ოპოზიციისთვის იურიდიულ საკითხთა, საფინანსო-საბიუჯეტო და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეობის დათმობას ამ ეტაპზე გამორიცხავენ და საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ხელმძღვანელის პოსტის შეთავაზებას ფიქრობენ. ასევე, კონსულტაციების საგანი იქნება პარლამენტის ის კომიტეტებიც, რომელიც შარლს მიშელის დოკუმენტში დასახელებული არ არის. ინფორმაციას ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ 18 აპრილს ხელმოწერილი შარლ მიშელის დოკუმენტში მეოთხე პუნქტად ასახულია – “პარლამენტში ძალაუფლების განაწილება“.
დოკუმენტში წერია, რომ პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
- საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი
- საგარეო საქმეთა კომიტეტი
ამავე დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.
როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში ვკითხულობთ, ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში უნდა დაიწყოს პარლამენტში ძალაუფლების მეტი განაწილების პროცესი, რომ ცვლილებები ძალაში 2021 წლის საშემოდგომო სესიის მოწვევისთანავე შევიდეს