21.11.2024

სახალხო დამცველი-თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან

დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის ანგარიში თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში განხორციელებული მონიტორინგის შესახებ. როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ახალი კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და პაციენტთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლეს.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში პაციენტები არ არიან დაცულნი ძალადობისგან, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან. პაციენტებს არ მიეწოდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისები, ხოლო დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა მკურნალობას მათი ღირსების დაცვის პირობებში. არსებული მწვავე პრობლემების ფონზე, სახალხო დამცველი სახელმწიფოს დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.“ – წერია ანგარიშში.

სახალხო დამცველის ანგარიშში, წერია ისიც, რომ „სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა მიიღო არაერთი შეტყობინება დაწესებულების პერსონალის მხრიდან პაციენტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ. დაწესებულებაში ფსიქიატრიული დახმარება პრაქტიკულად კვლავ დაყვანილია ფარმაკოლოგიურ თერაპიამდე. პაციენტთა ნაწილი მედიკამენტების მინიმალურ თერაპიულ დოზას იღებს და მათ არ უტარდებათ ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. დაწესებულებას არ გააჩნია საკმარისი ადამიანური რესურსი იმისათვის, რომ პაციენტებს გაუწიოს შესაბამისი დონის მზრუნველობა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ინფორმირება, განათლება და მხარდაჭერა, რათა უზრუნველყოს მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ჩართვა.“

ანგარიშში საუბარია ასევე,  ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილის გაუმართავობაზე და ის, რომ  უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები, რის გამოც იზრდება ინფექციის გავრცელების რისკები.

„შენობის ძირითადი ნაწილის ინფრასტრუქტურა მოძველებული და გაუმართავია. მრავალ ადგილიან საერთო პალატებში არის გადატვირთულობა. ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიუხედავად, დაწესებულებაში უგულებელყოფილია სანიტარულ-ჰიგიენური წესები. შესაბამისად, დაწესებულებაში მაღალია ინფექციის გავრცელების რისკი. ამ ფონზე, დაწესებულებაში, წლების განმავლობაში, კვლავ რჩებიან პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, მაგრამ სურვილის მიუხედავად, სტაციონარს ვერ ტოვებენ იმის გამო, რომ თემში არ არის საჭირო სერვისები.

დაწესებულებაში არ ხდება ბენეფიციარების ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების სრულფასოვანი მკურნალობა. პაციენტები, ვერ იღებენ დროულ და სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას. პაციენტების უმრავლესობას განსაზღვრული აქვს ნებაყოფლობითი ფსიქიატრიულ დახმარებისთვის სტაციონირებული პაციენტის სტატუსი, თუმცა რეალურად მათ არ შეუძლიათ დაწესებულების სრულიად ან დროებით საკუთარი ნებით დატოვება. დაწესებულებაში არ არის დანერგილი საჩივრების განხილვის მექანიზმი. ბენეფიციარების უმრავლესობა არ ფლობს ინფორმაციას მათი უფლებების შესახებ. პაციენტების უმრავლესობას ჩამორთმეული აქვთ კუთვნილი ტელეფონები და ახლობლებთან დაკავშირების სურვილის შემთხვევაში დამოკიდებულნი არიან პერსონალის კეთილ ნებაზე, შესაბამისად პრაქტიკულად შეზღუდული აქვთ გარე სამყაროსთან კონტაქტი.

დაწესებულების პერსონალს არ აქვს შესაბამისი მითითებები და კვალიფიკაცია, რომ თავიდან იქნას აცილებული პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავება, ხოლო როდესაც ასეთი გამწვავება ხდება, ვითარების არაძალისმიერი განმუხტვის სხვადასხვა მეთოდების გამოყენების ნაცვლად, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზების მიზნით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს.“ – აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ანგარიში ეფუძნება სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში 2020 წლის 15-16 სექტემბერს განხორციელებულ საგანგებო მონიტორინგის ვიზიტს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img