სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, მათ მიერ შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ციხეში შესვლას უახლოეს პერიოდში გეგმავს.
როგორც ლომჯარიამ განმარტა, სახალხო დამცველი სრულად ენდობა აღნიშნულ ექსპერტებს, შესაბამისად შეფასებებსა და რეკომენდაციებში სამედიცინო თვალსაზრისით დაეყრდნობიან.
“უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ შესვლას, ზუსტ დროს გაცნობებთ ცოტა ხნით ადრე ვიზიტამდე, იმიტომ, რომ წინასწარ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ არ დავაანონსოთ ჩვენ მიერ დაგეგმილი ვიზიტი. თუ ყველა მოთხოვნას, რაც სჭირდება პაციენტის მკურნალობას, ეს დაწესებულება დააკმაყოფილებს, იქნება შესაბამისი დასკვნა, თუ იქნება განსხვავებული მოსაზრება ამასაც, დამოუკიდებლად იტყვის აღნიშნული კონსილიუმი. სახალხო დამცველი სრულად ენდობა აღნიშნულ ექსპერტებს. შეფასებებში და რეკომენდაციებში სამედიცინო თვალსაზრისით დავეყრდნობით აღნიშნული ექსპერტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას”, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას თქმით, თუ მის მიერ შექმნილ ექიმების ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე დაბრკოლება შეექმნება, ეს ნიშნავს, რომ პენიტენციური სამსახური ომბუდსმენსა და მის წარმომადგენლებს ციხეში პატიმრის მონახულებაზე უარს ეუბნება.
“ამ ჯგუფს ჩვენ ვაძლევთ სახალხო დამცველის რწმუნებებს, შესაბამისად, ისინი შევლენ დაწესებულებაში, როგორც სახალხო დამცველის წარმომადგენლები. ეს არის გათვალისწინებული სახალხო დამცველის შესახებ კანონით. თუ ამ ჯგუფს შეექმნება დაბრკოლებები, ეს ნიშნავს იმას, რომ პენიტენციური სამსახური სახალხო დამცველსა და მის წარმომადგენლებს ეუბნება უარს ციხეში პატიმრის მონახულებაზე, რაც წარმოადგენს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, არამედ შეიძლება დაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის დანაშაულადაც. აქამდე არ გვქონია პრობლემა, რომ რომელიმე პატიმრის მონახულება არ შეგვძლებოდა და იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გვექნება”, – თქვა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისთვის იუსტიციის სამინისტროს/სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილური სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი მოიწვია.