აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„მდივანმა მადლიერება გამოხატა საქართველოს ხალხისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირადი, ურყევი მხარდაჭერის გამო უკრაინის მიმართ. მან ხაზი გაუსვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას დემოკრატიული, მშვიდობიანი და აყვავებული ევროატლანტიკური მომავლისკენ”, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაცია, ასევე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.
ზურაბიშვილის თქმით, მას იმედი აქვს, რომ ბლინკენი უახლოეს პერიოდში ეწვევა საქართველოს.
„ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საერთო მხარდაჭერა უკრაინისადმი. ასევე ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების საკითხში, ამ რთული გამოწვევების პერიოდში. უახლოეს მომავალში ბლინკენის ვიზიტის იმედი მაქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.