21.11.2024

სამოქალაქო იდეა – თითოეული ქართველი, რომელიც უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულს, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა, ჩვენი ქვეყანის მედეგობის ფარს ქმნის

მმართველი პარტიის თავმჯდომარის დღევანდელი განცხადებები ადამიანის უფლებების, მცირე ერების მედეგობისა და ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატების ელემენტარული, ფუნდამენტური პრინციპებისა და ცნებების უცოდინრობის კლასიკური გამოვლინება იყო, – ასე აფასებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა“ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც მმართველი პარტია რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ ქსენოფობიურ კამპანიას გმობს.

როგორც „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი ქვეყნის დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს. მათივე განცხადებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება დუმს და არ მოქმედებს, სწორედ მოქალაქეები იცავენ და წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს.

„სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე აგრძელებენ საკუთარი მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულების სრულიად უპასუხისმგებლო კამპანიას, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ბოლო 5 თვის მანძილზე ბატონი ირაკლი კობახიძე და მისი კოლეგები, პრაქტიკულად ყოველდღიურად აბსოლუტური ტყუილისა და გაყალბებული რეალობის ტირაჟირებას ცდილობენ. სწორედ ამგვარი სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს. დღეს ვიხილეთ მორიგი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის დაწყების მცდელობა, სადაც ბატონი კობახიძე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს ქსენოფობიაში ადანაშაულებს.

გარდა იმისა, რომ მორიგ ჯერზე ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, მისი დღევანდელი განცხადებები ადამიანის უფლებების, მცირე ერების მედეგობისა და ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატების ელემენტარული, ფუნდამენტური პრინციპებისა და ცნებების უცოდინრობის კლასიკური გამოვლინება იყო.

უპირველეს ყოვლისა ერთმნიშვნელოვნად უნდა ითქვას, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გაუმართლებელი და უგუნური შეცდომა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მხრიდან და მას არავითარი გამართლება არა აქვს.

ზუსტად ისევე, როგორც არავითარი გამართლება აქვს 12 წლის წინ დაშვებულ შეცდომაში გაჯიუტებას. ამგვარი სიხისტე განსაკუთრებით გაუმართლებელი და დანაშაულებრივიცკია დღეს, როდესაც ერთი მხრივ კრემლის აგრესიამ და რუსი ჯარისკაცების სისატიკემ, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის უმძიმესი მაგალითები გვაჩვენა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამრავლდა ზუსტად იმდაგვარი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების წინ გვესმოდა.

სავიზო რეჟიმის შემოღება, საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების სპეციალური შემოწმების ნორმების ამოქმედება და სხვა მსგავსი პროცედურები მხოლოდ ერთი ნაწილია მცირე ერების მედეგობის პოლიტიკის, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ხელისუფლებას ამოქმედებული უნდა ჰქონდეს ქვეყანაში „მწვანე კაცუნების“ შემოსვლის მსგავსი სცენარის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, და არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასთან.

მაშინ, როდესაც ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქალაქეების მხოლოდ ბუნებრივი ინსტიქტია რეაგირება მოახდინონ რუსი ტურისტების გაზრდილ ნაკადებზე და აჩვენონ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკის მიმართ.

შესაძლოა სტატისტიკა სულაც არ იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი და სხვადასხვა მანიპულაციების ტექნიკების გამოყენების დათვლილი რიცხვები ამბობდეს, რომ მაგალითად 2019 წელს იმდენივე ან ცოტა ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. თუმცა, ამგვარ სტატისტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სრულიად ლეგიტიმურად სახეზეა მოსახლეობის დიდი ნაწილის სენსიტიურობა, მომეტებული საფრთხის განცდა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული წუხილი, რომ მის ნაწილობრივ ისედაც ოკუპირებულ ქვეყანას შესაძლოა უფრო დიდი ხიფათი ელოდეს.

უკრაინაში ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გაუგებარია ხელისუფლების:

  • უარი უსაფრთხოების ზომების გააქტიურებაზე;
  • საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არ არსებობა;
  • მუდმივი ბრალდებები, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები (და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერია ეს ხალხი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტერესებსაც ისევე წარმოადგენს „ქართული ოცნება“, როგორც მისი მიმდევრების) არიან ქსენოფობები, ომის მოსურნენი, ექსტრემისტები და სხვა;
  • დაპირისპირება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან;
  • სიძულვილის და ბრალდებების კამპანია ამერიკელი და ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ;
  • დუმილი, ან უკეთეს შემთხვევაში მოკრძალებული საუბრები რუსული აგრესიისა და განსაკუთრებულად სასტიკი ქმედებების თაობაზე…
  • ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივად ბრალდებებს გვიყენებს და სხვადასხვა დანაშაულს გვაბრალებს საკუთარი ხელისუფლება, რომელმაც გასული წლის მიწურულს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის მოლოდინში იყო საპარლამენტო სხდომა არ ჩაატარა სპეციალური გაცხადების მისაღებად, მხოლოდ იმიტომ, რომ განცხადება ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული;
  • უარი თქვა ნატო-ს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე ისევ და ისევ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციური ფრაქცია ლელოს მიერ იყო ინიცირებული;
  • საბოლოოდ, როდესაც მოახერხა და მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, ვერ გაბედა მასში მოვლენებისთვის რუსეთის აგრესია დაერქმია და აბსტრაქტულ საფრთხეზე ისაუბრა;
  • ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოების და ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მძაფრი პროტესტი დასჭირდა, რომ უკრაინაში სოლიდარობისა და თანამდგომის ვიზიტი განეხორციელებინა;
  • სრული იგნორირება გაუკეთა ბიჭვინთის უმძიმეს თემას, რომელსაც თავად აფხაზეთის საზოგადოებაც კი ქმედითად ეწინააღმდეგებოდა;
  • უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ნატოს ქვეყნებისა და პარტნიორების იმ შეკრებებში (რამშტეინის ბაზაზე) არ მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონის უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობდნენ;
  • დღემდე ვერ მოახერხა, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო სამხედრო დახმარების სერიოზული პროექტების მონაწილე გაეხადა;
  • უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მადრიდის ნატოს სამიტიდან სრულიად უშედეგოდ ხელცარიელი დაბრუნდა;
  • ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, ან უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო, და სხვა.

მაშინ როდესაც ხელისუფლება დუმს და არ მოქმედებს, სწორედ მოქალაქეები იცავენ და წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს. ზუსტად ასე მოხდა უკრაინის მხარდამჭერი მასობრივი საჯარო გამოსვლების დროს, ისევე როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი უპრეცედენტოდ დიდი დემონსტრაციების პირობებში. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოკუპაციასთან შეურიგებლობის ფორმებს და ყოველდღიურად ქმნიან მედეგობის მაგალითებს სწორედ ის ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობელები, თანაქალაქელები არიან ვინც 20 ივნისს იდგნენ რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით, ადამიანები ვინც გადაწყვიტეს ხელისუფლების დუმილის პირობებში მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ რომ საქართველოს ადგილი რუსული სამყაროდან შორს – ევროპაშია და არავის დაანებებენ ამ არჩევანს.

კიდევ ერთხელ, თითოეული ის ქართველი, რომელიც დღეს უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულ ტურისტს, საკუთარი პროტესტი აჩვენოს რუსული ჩექმისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა, როგორც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის უსიტყვო და ერთმნიშვნელოვანი გამოვლინება, ჩვენი ქვეყნის მედეგობის ფარს ქმნის და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ სამოქალაქო სიმტკიცისთვის“,- ნათქვამია „სამოქალაქო იდეის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის ჩაშლა:ხელისუფლების ნაბიჯები და შედეგები

შესავალი საქართველო-გერმანიის სამხედრო თანამშრომლობა წლების განმავლობაში იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ქვაკუთხედი. დასავლეთის მხარდაჭერა სამხედრო პროგრამებში და საერთაშორისო მისიებში აქტიური ჩართულობა...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img