საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდული მოძრაობა „დავითიანნის” ორგანიზებით, უკრაინაში დღეს კიდევ 25 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნება.
“დავითიანნის” პრეზიდენტის, კოტე სვანაძის განცხადებით, უკრაინაში 15 ტონამდე დახმარება უკვე გაიგზავნა და ჯამში, ქართველი ხალხის მიერ, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში, მოსახლეობის ჩართულობით, 40 ტონამდე ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებაზე ასევე, მეუფე იოანემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასიხარულოა ის ფაქტი, რომ უკრაინის დასახმარებლად, მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების ჩართულობა იყო.
“ერთი თვე შესრულდა დღეს, რაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით, უკრაინაში გასაგზავნად, სურსათ-სანოვაგე და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები გროვდება. ყველამ ვიცით, როგორი მძიმე დღეები უდგას უკრაინას. საკმაოდ სოლიდური ტვირთი შეგროვდა. ეს ყველაფერი რამდენიმე სატვირთო ავტომობილით გაიგზავნება.
სასიხარულოა ის, რომ აქ იყო მთელი საქართველოს ეკლესია-მონასტრების ჩართულობა. ღმერთმა დალოცოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობა მიიღო. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და საქართველო!”, – განაცხადა მეუფე იოანემ.