ოსლოში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე სერბეთის სახელით მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი მსოფლოს ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ბელორუსი მეტოქე ანგარიშით 9:1 დაამარცხა. ნახევარფინალში კი დანიის სახელით მოასპარეზე ბისულტანოვს სძლია.
სხვადასხვა ტურნირზე წელს დათუნაშვილმა სერბეთის სახელით რიგით მესამე მედალი მოიპოვა – ევროპის ოქრო, ოლიმპიადის ბრონჯაო და მსოფლიოს ოქრო.
2019 წლის იანვარში, საქართველოს ჩემპიონატზე ზურაბ დათუნაშვილს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე დაესხა თავს. სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მას ბლაგვი საგანი ჩაარტყა. ქვეყნის დატოვების მიზეზი სწორედ ფედერაციის პრეზიდენტთან დაპირისპირება გახდა.
გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით 22 იანვარს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. მოსამართლემ გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ზურაბ დათუნაშვილი კი საქართველოში ჭიადობის ფედერაციის პრეზიდენტის გადაყენებას უშედეგოდ ითხოვდა. ის ასევე საუბრობდა ფედერაციაში არსებულ შესაძლო კორუფციაზე. გეგა გეგეშიძე 2021 წელს კიდევ ერთი ვადით აირჩიეს ფედერაციის პრეზიდენტად. ზურაბ დათუნაშვილმა კი, რომელმაც საქართველოს ევროპის ოქროს მედალი ორჯერ მოუტანა (2016-17 წლებში), საქართველოს ნაკრები 2019 წელს დატოვა.