გიორგი გახარიასთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა პოლიტიკურად საკმაოდ მძიმე იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.
ჩიხლაძის თქმით, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი „ქართული ოცნების“ კონკურენტი იქნება.
„გახარიასთვის პოლიტიკურ ველზე შემოსვლა საკმაოდ მძიმე იქნება პოლიტიკურად – როგორ მოახდენს პოზიციონირებას, რა პოზიციები ექნება თუნდაც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში. თუ მას სურს ოპოზიციონერობა, ვისი ოპოზიცია იქნება. რადგან თვითონ, ბოლო სამ თვეს თუ არ ჩავთვლით, იყო სახე „ქართული ოცნების“, პირველი აღმასრულებელი, პირველი ნომერი. აქედან გამომდინარე, ვისთან ექნება პრეტენზია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, საკუთარ თავთან თუ ივანიშვილთან, ძალიან ძნელი იქნება მისთვის ამ პოზიციების დაცვა.
რაც შეეხება იმას, თუ ვისი კონკურენტი იქნება – ძირითადად, ის იქნება „ქართული ოცნების“ კონკურენტი, რადგან დარწმუნებული ვარ, სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველი, მაგალითად, ჩვენი ამომრჩეველი გახარიას არასოდეს მისცემს ხმას. ამიტომ ის იქნება „ქართული ოცნების“ კონკურენტი და ხმებს გაუყოფს „ქართულ ოცნებას“, – აღნიშნა ჩიხლაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარტიას „საქართველოსთვის“ პრეზენტაციას დღეს გამართავს. გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 18 თებერვალს დატოვა და მიზეზად ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, “ქართულ ოცნებასთან” პოზიციების შეუთანხმებლობა დაასახალა. მალევე პოლიტიკაში დარჩენაც დაანონსა.