შეთანხმება შედგა – მხარეები უკრაინის პორტების განბლოკვასა და მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმდნენ. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში “იმედის შუქურაა”.
გუტერეშის თქმით, მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო.
დღეს, 22 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თქვა, რომ უკრაინული მხარე მარცვლეულის ექსპორტისა და პორტების განბლოკვის შეთანხმებას ხელს მხოლოდ თურქეთთან და გაეროსთან მოაწერდა.
“უკრაინა რუსეთთან ერთად ხელს არანაირ დოკუმენტს არ მოაწერს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას თურქეთთან და გაეროსთან. ხოლო რუსეთს ხელმოწერა ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მოუწევს, იმავე მხარეებთან”. – თქვა პოდოლიაკმა.
რუსეთმა უკრაინას კიევიდან, შავი ზღვის გავლით, მარცვლეულის ექსპორტი შეუზღუდა, რამაც გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვია. მიუხედავად ამისა, მოსკოვი საერთაშორისო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფს და ამგვარი ვითარების შექმნას დასავლეთის სანქციებს მიაწერს.