საქართველოში „მაიმუნის ყვავილის” ერთ საეჭვო შემთხვევაზე კვლევა კვლავ მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განმარტა, აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა და ამიტომ, უფრო მეტი დრო სჭირდება.
მისივე თქმით, პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის სრულებით დამაკმაყოფილებელი და კვლევის პასუხი, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე იქნება.
“მაიმუნის ყვავილის” შემთხვევები უჩვეულოდ გავრცელდა ევროპის რეგიონში მიმდინარე სეზონზე. ჩვენთან ერთ საეჭვო შემთხვევაზე იყო საუბარი და მიმდინარეობს ჩაღრმავებული კვლევა. როგორც მოგეხსენებათ აქამდე ქვეყანაში ამ ტიპის კვლევა არ ჩატარებულა, ამდენად ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე სხვა შემთხვევაში დასჭირდებოდა იმისთვის, რომ დიაგნოზი დადასტურდეს. კლინიკური მიმდინარეობა ევროპაში გავრცელებული შემთხვევების არის მსუბუქი. ამდენად, ამ კუთხით ჩვენ რაიმე სირთულეს არ ველოდებით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან კონსულტაციის შემდეგ მივიღეთ პასუხი, რომ არც მედიკამენტური ჩარევა არ არის საჭირო ასეთი შემთხვევების მკურნალობისას, მხოლოდ სიმპტომური მკურნალობა საკმარისია.
რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, “მაიმუნის ყვავილის” ვირუსი გადაეცემა მჭიდრო კონტაქტის შედეგად. ამ შემთხვევაში ადამიანს კარგად შეუძლია აკონტროლოს ეს ქცევა და რა თქმა უნდა, თუ კი რაიმე საეჭვო ნიშნებს შენიშნავს მაშინვე სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს. ნიშანი არის გამონაყარი, ტემპერატურა, რაც შეიძლება უჩვეულოდ მოეჩვენოს და არ ჰგავდეს არც ერთ სხვა გამონაყარს. გამომდინარე აქედან, სხვა ქვეყნებშიც არსად არ არსებობს განგაშის საფუძველი. ყველა მართავს სიტუაციას, უბრალოდ ხდება შემთხვევების აღრიცხვა და ჩვენც გარკვეული შესაძლებლობები ლუგარის ცენტრში შევქმენით, იმისთვის თუ კი იქნება იმის საჭიროება, რომ დიაგნოზი დადასტურდეს, ეს გაკეთდეს.
ცოტა მეტი დრო დასჭირდა ამ შემთხვევის ანალიზს, ვიდრე ზოგადად დასჭირდებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან პირველად ტარდება ამ ტიპის ანალიზი, თუმცა არც პაციენტთან მიმართებაში და არც სხვა კუთხით აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, რადგან პაციენტის კლინიკური მდგომარეობა არის სრულებით დამაკმაყოფილებელი. შემთხვევები ევროპაში არის ძალიან მსუბუქი ასე, რომ ეს არის უფრო სამეცნიერო მიზნებისთვის, ვიდრე კლინიკური მიზნებისთვის. ამ შემთხვევაში პირველად ტარდება და ამას სექვენირება სჭირდება, ამას უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე რუტინულ პრაქტიკაში ჩამჯდარ ანალიზს”, – განაცხადა გაბუნიამ.