გუშინ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა მოქმედ მოსამართლე, მაია სვიანაძეზე ინფორმაცია გაავრცელა და სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სვიანაძე აშშ-ში შვებულების შემდეგ უკან არ დაბრუნებულა და მოსამართლემ თანამდებობიდან გათავისუფლება ითხოვა.
„იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება. ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში.
დავამატებ, რომ მაია სვიანაძე იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით მოსამართლის თანამდებობიდან დღეს გათავისუფლდა“, – დაწერა ჯანეზეაშილმა.
მოგვიანებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭომ დაადასტურა, რომ მოსამართლე მაია სვიანაძე გუშინ, 5 აპრილს, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“მაია სვიანაძე უფლებამოსილების შეწყვეტამდე შვებულებაში იმყოფებოდა. ის ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი შვილი წლებია შტატების მოქალაქეა და ნიუ იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. მაია სვიანაძის გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის თანამდებობის დატოვების თაობაზე, წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
თავად მაია სვიანაძემ კი, ასევე მოგვიანებით “პალიტრანიუსსთან” კომენტარი გააკეთა და მისი აშშ-ში წასვლა და დარჩენა შვილთან ცხოვრების სურვილით ახსნა. ყოფილმა უვადო მოსამართლემ განმარტა, რომ გადაწყვეტილი ჰქონდა, შვებულების შემდეგ უფლებამოსილება შეეწყვიტა. მისი თქმით, “დაუკითხავად” არ წასულა და მიმდინარე საქმეები სხვებს გადააბარა.
“ამერიკაში არალეგალად არ დავრჩი, იმიტომ, რომ უკვე 16 წელია ჩემი შვილი აქ ცხოვრობს. ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობს. „ოჯახის გაერთიანება“ მაქვს გაკეთებული და არალეგალურად არ დავრჩენილვარ. შვილთან წავედი საცხოვრებლად. სხვა მიზეზი ნამდვილად არ ყოფილა, უბრალოდ, შვილთან გადავედი საცხოვრებლად, იმიტომ, რომ აქ მყავს ოჯახი, შვილი და ორი შვილიშვილი”, – განაცხადა ყოფილმა მოსამართლემ.
ყოფილი მოსამართლის კომენტარს უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც და განაცხადა, რომ მან, როგორც საბჭოს წევრმა, არ იცოდა ამ მოსამართლის ამ გადაწყვეტილების შესახებ.
“ის, რომ თითქოს “წინასწარ იყო ცნობილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის” – არის ტყუილი! მაშინ დაასახელონ სხდომის თარიღი, როდესაც ეს საკითხი იყო განხილული”, – განაცახადა ჯანეზაშვილმა.
იცოდა თუ არა მაია სვიანაიძის გადაწყვეტილების შესახებ ვინმემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უცნობია და სავარაუდოდ, ვერც გავიგებთ, თუმცა ის, რომ თანამდებობაზე ყოფნის დროს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, მაია სვიანაძე აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა და ასევე, იქედან მოითხოვა თანამდებობიდან გათავისუფლება ეს დადასტურებული ფაქტია. უფრო მეტიც, ყოფილმა უვადო მოსამართლემ, აშშ-ში უკვე ახალი სამსახურიც იშოვა. ფაქტის შესახებ მისი ფეისბუქგვერდიდან ხდება ცნობილი.