ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით, კვლევები მიმდინარეობს.
როგორც ცერცვაძე განმარტავს, კვლევების მიხედვით, კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურია.
„ეს ჯერ შესწავლის საკითხია, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, არის კვლევა არამხოლოდ „სინოფარმის“ თაობაზე, ფიქრობენ „ასტრაზენეკას“ შემთხვევაში და ასე განსაჯეთ „ფაიზერის“ შემთხვევაშიც. შეიძლება მოუწიოთ დამატება, მესამე დოზა თანდათან მყარდება. უკვე გაჩნდა ასეთი კვლევები, რომ კომბინირებული ვაქცინაცია უფრო ეფექტურიც კი არის, ვიდრე ერთი ვაქცინით ვაქცინაცია, როგორც ჩანს, ისინი სხვადასხვა მექანიზმით მუშაობენ…
ჯერ ეს გადაწყვეტილება საქართველოს არ მიუღია, ჯერ ახლა დავიწყეთ მასობრივი ვაქცინაცია და მოვუწოდებთ მთელ მოსახლეობას, რომ ორშაბათიდან 20 000 ადამიანი მაინც მოვიდეს, მთელი ქსელი მზად არის. ამჟამინდელი მონაცემებით, 10 000-11000 ადამიანის აცრა ხდება, მზად ვართ დღეში 25 000-ის ასაცრელად“, – განაცხადა ცერცვაძემ.