დაჯგუფება „ჰამასმა“ რამდენიმე საათის წინ, თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო შეტევა განახორციელა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაიღუპა რამდენიმე ადამიანი.
„ჰამასმა“ განაცხადა, რომ მან 130 რაკეტა გაუშვა თელ-ავივის მიმართულებით, ისრაელის ავიაგამანადგურებლების მიერ ღაზის სექტორში საცხოვრებელი კორპუსის დანგრევის საპასუხოდ. მანამდე, “ჰამასმა” თქვა, რომ ისრაელი ღაზაში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს და თუ ეს პროცესი არ შეწყდებოდა, სწორედ თელ-ავივზე მიიტანდა იერიშს.
ქვეყანაში ჩაირთო სირენები და ამოქმედდა ანტისარაკეტო სისტემა, ისრაელის მთავარი, ბენ გურიონის აეროპორტი კი, ხელისუფლების გადაწყვეტილებით დაიხურა. მოქალაქეებს სახლში და უსაფრთხო თავშესაფარში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ვითარება უკიდურესად დაძაბულია. მედიის ინფორმაციით, თელ-ავივის გარდა სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სხვა ქალაქებზეც.
საქართველოს საელჩო ისრაელში მოქალაქეებს აფრთხილებს. საელჩოს ინფორმაციით, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები.
“განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის) ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია. გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი ! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!
დაბეჯითებით გაფრთხილებთ‼
ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი‼ მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები‼
შეგახსენებთ საელჩოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომრებს:
დავით ჩაჩავა – 0526919092
მიხეილ ბაბლუანი – 0528888513
ნინო ჩანტლაძე – 0548620270
ხაზის დაზიანების შემთხვევაში, გამოიყენეთ ვოთსაფ ან ვაიბერ აპლიკაციები.
შეგიძლიათ მოიწეროთ საელჩოს ფეისბუქ მესენჯერშიც.
მშვიდობას ვუსურვებთ ისრაელის სახელმწიფოს და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, 10 მაისს ისრაელის ტერიტორიას 200-მდე რაკეტა ესროლეს. მათი ნაწილი დაიჭირა სისტემა „რკინის გუმბათმა“. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჰამასმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“.
თავის მხრივ ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. პალესტინური მედია იტყობინება, რომ დაიღუპა ორ ათეულზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისრაელის მხარე ამტკიცებს, რომ დამიზნებით ესროდა რადიკალური დაჯგუფებების ობიექტებს. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლების გვერდით მდებარეობდა.
.