უკრაინა აცხადებს, რომ ოკუპანტებმა ხიდების აფეთქება დაიწყეს, რათა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილში კონტრშეტევა თავიდან აირიდონ.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, “ხარკივის აღმოსავლეთით, ცირკუნისა და რუსკი ტიშკის რაიონში ოკუპანტებმა ააფეთქეს სამი საგზაო ხიდი თავდაცვის ძალების კონტრშეტევითი მოქმედებების შესანელებლად”.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში უკრაინულმა ჯარებმა დაიბრუნეს რამდენიმე სოფელი ხარკივის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით, რამაც გაართულა რუსებისთვის ქალაქის წინააღმდეგ არტილერიის გამოყენება, ასევე შეაფერხა დონეცკსა და ლუგანსკში მებრძოლი ძალების მომარაგება.
ხარკივი რუსეთის საზღვართან მდებარეობს და ერთ-ერთი პირველი ქალაქია, რომელიც რუსეთის შეჭრის შემდეგ თავდასხმის მსხვერპლი გახდა.
უკრაინის გენერალური შტაბი ასევე აცხადებს, რომ ამ ნაწილში ბოლო ორი დღეა, რუსეთის შეტევითი ოპერაციები შესუსტდა, თუმცა, საჰაერო თავდასხმები გრძელდება.